"მთავარი არხის“ ე.წ. გაყიდვების სახლის საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია და ელექტრონულად გაგზავნილია 2 დღით ადრე და არა 10 საათის შემდეგ - გაუგებარია ამით რისი დამტკიცების მცდელობას აქვს ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მინისტრი განმარტავს, "მთავარი არხის" ე.წ. გაყიდვების სახლის საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 23 ივლისს და გადამხდელს შეტყობინება გახსნილი აქვს 27 ივლისს 11:11 საათზე.
"ამასობაში კიდევ ერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ნიუსი გავრცელდა, თითქოს სხვა სარეკლამო კომპანიამ 10 საათის შემდეგ მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმებაზე.
ამჯერად ასეთი ამბავია: "მთავარი არხის“ ე.წ. "გაყიდვების სახლის" საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 23 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინება 27 ივლისს 11:11 საათზე.
რაც შეეხება ინფორმაციაში ნახსენებ კომპანიას, მისი საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 21 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინება 22 ივლისს.
ინფორმაციაში ნახსენები კომპანიის შემოწმების ბრძანება გამოცემულია და ელექტრონულად გაგზავნილია 2 დღით ადრე და არა 10 საათის შემდეგ. გაუგებარია ამით რისი დამტკიცების მცდელობას აქვს ადგილი, მაგრამ თავად მოწოდებული ინფორმაციაც არის ტყუილი“, - წერს ლაშა ხუციშვილი.