ავტორი:

"ჩაატარეს კვლევა, დაინახეს, რომ ვერ ლახავდნენ   43%-ს და "გადააგდეს" ყველა და ყველაფერი საერთაშორისო მასშტაბით" - როგორ აფასებენ ექსპერტები "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას?

"ჩაატარეს კვლევა, დაინახეს, რომ ვერ ლახავდნენ   43%-ს და "გადააგდეს" ყველა და ყველაფერი საერთაშორისო მასშტაბით" - როგორ აფასებენ ექსპერტები "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას?

მმართველმა პარტიამ, ყველასთვის მოულოდნელად, 19 აპრილის ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა იმ მოტივით, რომ თითქოსდა, მან 100 დღის თავზე თავი ამოწურა. როგორც "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ახსნა, თვითმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია დოკუმენტს ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია.

"დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს და " ეს "ქართული ოცნების“ კეთილი ნება იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია“.

პოლიტოლოგები "ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს დოკუმენტში ჩაწერილ 43%-იან ბარიერს უკავშირებენ, თვითმართველობის არჩევნებში რომლის გადალახვის ("ოცნების“ მიერ) შემთხვევაშიც, რიგგარეშე არჩევნები აღარ დაინიშნებოდა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ambebi.ge-სთან ამბობს, რომ სულაც არ გაჰკვირვებია მსგავსი ქმედება პარტიისგან, რომელიც ცნობილი "გადამგდებია“.

"ისეთი არაფერი მომხდარა, "ოცნებას“ შეეშინდა და ყველა "გადააგდო". რა, პირველი შემთხვევა ხომ არ არის? ეს პარტია ცნობილია, როგორც "გადამგდებთა პარტია". უფრო სწორად, ის ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ცნობილი "გადამგდებია". მას შეუძლია ნებისმიერ რაღაცას შეჰპირდეს და მერე "გადააგდოს". ასე არ იყო პროპორციულ სისტემაზე? ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია, რომ რეფორმას ჩაატარებდნენ სასამართლოში ან რეალურ საარჩევნო გარემოს შექმნიდნენ? ერთადერთი მნიშვნელოვანი, რაც ამ დოკუმენტში იყო, 43%-იანი ბარიერის დათქმა იყო. ამათ ჩაატარეს კვლევა, დაინახეს, რომ ვერ ლახავდნენ 43%-ს და "გადააგდეს" ყველა და ყველაფერი საერთაშორისო მასშტაბით. ფაქტია, რომ შარლ მიშელს დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, დანარჩენს ვნახავთ, რა მოხდება. ეს 53% ლაი-ლაია, ამაზე ყურადღების გამახვილებაც არ ღირს. თუ დავრწმუნდით, თუ ისა და თუ ესა, ეს ყველაფერი არის ტყუილი, წყალი და მეტი არაფერი“.

შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძეც იმით ხსნის, რომ დოკუმენტში ჩაწერილი 43% საფრთხის ქვეშ დადგა და არ გამორიცხავს, რომ ამას გიორგი გახარიას ფაქტორმაც შეუწყო ხელი:

"ამ დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადების ყველაზე ლოგიკური ახსნა ისაა, რომ იქ ჩაწერილი 43% იდგა საფრთხის ქვეშ. არ გამოვრიცხავ, ამას გიორგი გახარიას ფაქტორმაც შეუწყო ხელი. მეორე - კობახიძემ პირდაპირ თქვა (არ ვიცი, შეგნებულად, თუ წამოსცდა) დასავლეთი რატომღაც არ ახდენს ზეწოლას რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტსო. ანუ ჩვენ თუ გვაწვებით მოსამართლეების დანიშვნაზე, რატომ არ აწვებით "ნაციონალურ მოძრაობასო“, რაც საყვედური იყო დასავლეთის მიმართ. რა თქმა უნდა, პარალელურად ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციაში კიდევ უფრო მეტად შეიტანონ განხეთქილება. გასაგებია, რომ ყოველთვის მომგებიანია, როცა მოწინააღმდეგის ბანაკში განხეთქილება შეგაქვს. ოპოზიციისთვის პირდაპირ თანამდებობების შეთავაზებაც საინტერესო იყო ძალიან.

რაც შეეხება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას იმაზე, რომ მმართველი გუნდი მზადაა რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს, ჩემი აზრით, ალბათ ისიც განიხილება, რომ თუ მოხერხდა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან გარიგება-მორიგება, მიიღონ მონაწილეობა კოალიციურ მთავრობაში. ეს პრინციპში, კარგად გამოაჩენს და უფრო ევროპულ ელფერს შესძენს ამ მმართველობას - აი, კოალიციური მთავრობა გვაქვს, ევროპელები ვართო. ეს ამისკენ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამ შეთანხმებიდან გამოსვლა ასე მარტივად არ ჩაივლის, ამიტომ კოალიციური მთავრობისკენ ნაბიჯი კეთილი ნების ჟესტია, ასე ვთქვათ. ამათ ახლა რაც უნდა კოალიციურ მთავრობაზე ილაპარაკონ, შეთანხმების ანულირება არც ერთ შემთხვევაში არ იქნება კარგი, არც მარტივი იქნება... ვნახოთ რეაქციები, საჯარო განცხადებებიდანაც გამოჩნდება ისინი, არაა საჭირო ვეძებოთ, დახურულ კარს მიღმა რა ხდება. ამას აუცილებლად მოჰყვება დასავლეთის რეაგირებაც“.