"ქართული ოცნების" მიერ ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადების შემდეგ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი განცხადებას ავრცელებს.
"ესაა ამ პოლიტიკურ ვითარებაში პარტია " მოქალაქეების" პოზიცია:
მიუხედავად იმისა, რომ პარტია მოქალაქეები პარლამენტში შემოვედით 29 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის, დიდ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია ქართული ოცნების მხრიდან ამდენი ხნის წვალების შემდეგ მიღწეული შეთანხმების ანულირება.
ფაქტია, რომ როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა არ ეძებს გზებს პოლარიზების შესამცირებლად, რის გამოც ჩვენზე, სხვა პოლიტიკურ პარტიებზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია.თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე უფრო მნიშნელოვანია. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ორი პარტიის გარდა, სხვების მონაწილეობა, რადგან როგორმე საბოლოოდ უნდა გავარღვიოთ ეს პოლარიზება, რაც სინამდვილეში ქვეყნის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.