"რაც გუშინ "ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა, არის სილა გაწნული ევროკავშირისთვის და შარლ მიშელისთვის", - ამის შესახებ "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მომხდარზე პასუხისმგებლობას ელისაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასაც“ აკისრებს, რომელმაც მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
"ყველაფერი ფერს და მადლი ღმერთსო“, ასეა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა“. ზუსტად ერთნაირები არიან შინაარსით, ფერები აქვთ სხვადასხვა. თავისი პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერც "ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც "ქართული ოცნება“ ვერ იხედება. "ნაციონალური მოძრაობა“ იქცეოდა უპასუხისმგებლოდ მთელი ამ თვეების განმავლობაში და არ აწერდა ხელს, ეს იყო გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა და გვეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ, მაგრამ გუშინ "ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, თავი მოჭრა საქართველოს.
რაც გუშინ "ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა, არის სილა გაწნული ევროკავშირისთვის და შარლ მიშელისთვის, იმ უზარმაზარი ძალისხმევისთვის. ძალიან მკაცრი განცხადებები აქვთ, თუმცა, ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება შარლ მიშელს და ევროკავშირს.
გული მისკდება, რას იტყვიან ისინი. ეს კარგს რომ არაფერს მოუტანს ქვეყანას, როგორც მოიქცა "ქართული ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა“, ეს ცხადია,“ - განაცხადა ელისაშვილმა.