ავტორი:

"კულტურის სამინისტრომ "ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი, როგორც ბოლშევიკური წესია, მიავლინა და დანიშნა" - ლიტერატურული პრემიის გარშემო სკანდალი გრძელდება: მწერლები წულუკიანის წინააღმდეგ

"კულტურის სამინისტრომ "ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი, როგორც ბოლშევიკური წესია, მიავლინა და დანიშნა" - ლიტერატურული პრემიის გარშემო სკანდალი გრძელდება: მწერლები წულუკიანის წინააღმდეგ

ლიტერატურული პრემია "ლიტერას" გარშემო სკანდალი გრძელდება. "მწერალთა სახლმა" გამოაქვეყნა"ლიტერას" ჟიურის შემადგენლობა. ცნობილი გახდა, რომ წელს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის შესაბამისი ბრძანების თანახმად, 5-კაციანი ჟიურის ერთი წევრი სამინისტრომ შეარჩია. ამავე ბრძანების საფუძველზე გახდა ჟიურის წევრების ვინაობის გასაჯაროება დაჯილდოების ცერემონიალამდე საჭირო. მანამდე ჩატარებული კონკურსებისას, ჟიურის შემადგენლობა წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.

წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა კი ასეთია:

ბელა წიფურია - ლიტერატურათმცოდნე

რეზო თაბუკაშვილი - მწერალი

ლელა კოდალაშვილი - მწერალი, კრიტიკოსი

ოქტაი ქაზუმოვი - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი

იოსებ ჭუმბურიძე - პუბლიცისტი

დიზაინის ნომინაციაში ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.

სამინისტროს მიერ შერჩეული ჟიურის წევრი იოსებ ჭუმბურიძეა, რომელიც მისივე განცხადებებიდან გამომდინარე მმართველი პარტიის მხარდამჭერია.

წელს, ლიტერატურულ პრემია ლიტერას კულტურის მინისტრის პოლიტიკის გამო პროტესტის ნიშნად საკუთარი სურვილით გამოეთიშნენ მწერლები ტორესა მოსი და მათე სარალიშვილი, ასევე დიზაინერი ნატალია ავალიანი.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ დანიშნა, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა მწერალმა ირაკლი კაკაბაძემაც, რომელმაც "ბოლშევიკური წესი" უწოდა მწერალთა სახლის ორგანიზებულ კონკურსში სამინისტროს წარდგენილი ჟიურის წევრის ჩასმას.

"ძვირფასო მეგობრებო, თანამედროვე ლიტერატურაცა და ლიტერატურული პროცესიც ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სარკეა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ცნობილია, როგორც ძალადობის წამხალისებელი, ჰომოფობიის მხარდამჭერი, ზიზღისა და სიძულვილის დამმკვიდრებელი, ასევე კულტურის სამინისტროს მართვისთვის სრულიად არაკომპეტენტური პირი, ლიტერატურული პრემია "ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ "მწერალთა სახლში“, როგორც ბოლშევიკური წესია, მიავლინა და დანიშნა. რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.აქვე, სულიდარობას ვუცხადებ "მწერალთა სახლს“ და მის თანამშრომლებს, რადგან მგონია, რომ "ბიძინას გაუმა...“ მყვირალა მინისტრის გადაწყვეტილება, უპირველესად ამ ორგანიზაციის დიდ იდეასა და სულისკვეთებას აზიანებს და ებრძვის. ირაკლი კაკაბაძე 29.07.2021" - დაწერა ირაკლი კაკაბაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ლიტერატურულ კონკურსს პროტესტის ნიშნად ასევე გამოეთიშა მწერალი და პოეტი, ეკა ქევანიშვილიც.