ვისთანაც უფრო იაფად გამოვა "ქართული ოცნება" იმასთან შეკრავენ კოალიციას - ჩვენ ძვირი ვღირვართ, ჩვენი კოლეგები უფრო იაფად იყიდებიან და ბაზარზე ფასს გვიგდებენ , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნაცმოძრაობასთან“ კოალიცია გამორიცხულია, რაც შეეხება გიორგი გახარიას, „არსებობს მაგალითები, როცა მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ რიგდება მოღალატესთან“.
ხვიჩია მიიჩნევს, რომ სინამდვილეში „ქართული ოცნება“ კოალიციას იმასთან შეკრავს, ვისთანაც დასჭირდება.
"ეს არის წინასაარჩევნო რიტორიკა და ამას არანაირი კავშირი არ გააჩნია რეალურ ზრახვებთან იქიდან გამომდინარე, რომ კოალიციას გააკეთებ იმასთან ვისთანაც გჭირდება. წარმოიდგინეთ ხელისუფლებას აკლდება გახარიას ხმები და რას იზამს? მოღალატესთან არ გავაკეთებო კოალიციას და "ნაცებს" გადააბარებს ხელისუფლებას? ამიტომ "ქართული ოცნება" კოალიციას შეკრავს იმასთან, ვისთანაც აუცილებელი იქნება. ვისთან, დღეს ისინი არ იტყვიან, ჩემი აზრით იმასთან შეკრავს კოალიციას, ვისთანაც უფრო იაფად გამოვლენ.
ჩვენ ძვირი ვღირვართ, ჩვენი კოლეგები უფრო იაფად იყიდებიან და ბაზარზე ფასს გვიგდებენ. აქამდე სულ ასე იყო და აწიც ასე იქნება. ჩვენ კონკრეტული საკითხით დავდივართ, რაც გვაინტერესებს და შესაცვლელია ამ ქვეყანაში, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმა - პოლიციის შერიფები და პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობა, რომელსაც თუ ვინმე გააკეთებს, მასთან კოალიციაში უნდა წახვიდე, აბა რისთვის ხარ, ეს რომ გააკეთო ამისთვის ხარ პოლიტიკაში, ოღონდ ჩემი კოლეგები ბევრად ნაკლებით კმაყოფილდებიან, ამიტომ "ქართული ოცნება" ამას მე არ შემომთავაზებს", - განაცხადა ხვიჩიამ.