ავტორი:

"თუ სამინისტრო არ დათმობს, გამოდის, რომ ჩიხში ვართ" - "მწერალთა სახლის" დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პრემია "ლიტერა" აღარ ჩატარდეს

"თუ სამინისტრო არ დათმობს, გამოდის, რომ ჩიხში ვართ" - "მწერალთა სახლის" დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პრემია "ლიტერა" აღარ ჩატარდეს

"მწერალთა სახლის“ დირექტორი, ნატა ლომოური არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ აღარ ჩატარდეს, თუ კულტურის სამინისტრო დათმობებზე არ წავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლომოურმა განუცხადა, მისი არა ერთი მცდელობის მიუხედავად კულტურის სამინისტრო და პირადად მინისტრი კონტაქტზე ამ დრომდე არ გამოდის.

მისივე განცხადებით, "მწერალთა სახლი“ კიდევ ერთხელ ეცდება, რომ „ლიტერას“ კონკურსისთვის ახალი ჟიური შეარჩიოს, რაც ლომოურის თქმით, რთული პროცესი იქნება.

"ჯერჯერობით ისევ ველოდებით კულტურის სამინისტროსგან პასუხს როგორც ჩვენ, ასევე მწერლები, რომლებმაც ღია წერილით მიმართეს მინისტრს. არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. არ ვიცი, რამდენად არის დრო შეიქმნას ახალი ჟიური და ამაზე ვინ დათანხმდება. ცოტა ბუნდოვანია უახლოესი დღეები. ვერ გეტყვით, გაუქმდება თუ არა კონკურსი. დაშვებით ყველაფერი შეიძლება. თუ ჟიური არ შედგა და მწერლებმა წიგნები გაიტანეს, როგორ უნდა ჩატარდეს?! ჯერჯერობით კონკურსის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იმედი მაქვს, სამინისტროსთან კომუნიკაცია აღდგება და ისინი დათმობებზე წამოვლენ - გაიწვევენ მათ მიერ დანიშნულ წევრს. კონკურსის ჩაშლა არის ყველაზე რადიკალური ღონისძიება, რაც შეიძლება მოხდეს. ამას ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ და კონკურსი შევინარჩუნოთ. „ლიტერას“ ჩაშლა "მწერალთა სახლისთვის" ძალიან მტკივნეული იქნება. თუ სამინისტრო არ დათმობს, გამოდის, რომ ჩიხში ვართ. თან ძალიან მოკლე დროა დარჩენილი, 110 წიგნია შემოსული და მოცულობითი მასალაა წასაკითხი. დავიწყებთ ჩვენ ახალი ჟიურის შერჩევას, შევეცდებით ამას, მაგრამ ზოგადად რომ ვიცი რა განწყობაა ლიტერატორებში, მწერლებში, არ ვარ დარწმუნებული, რომ ახალი ჟიური შეიკრიბება.

ახლა ზუსტად ისიც არ ვიცით, რამდენი მწერალია თანახმა კონკურსში მონაწილეობაზე. ყოველდღე მატულობს იმ მწერლების რიცხვი, ვისაც კონკურსიდან საკუთარი ნამუშევარი გააქვს. სამინისტროს სახელზე დაიწერა ღია წერილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, ის ავტორები აწერენ ხელს, ვისი წიგნიც კონკურსის გრძელ სიაში მოხვდა. ლოგიკურად მგონია, რომ თუ სამინისტრო არ დააკმაყოფილებს მათ თხოვნას, შესაძლოა, ეს მწერლებიც შეუერთდნენ იმ ავტორების სიას, ვინც წიგნებს გაიტანს. როგორც ვხედავ, ჯერჯერობით სამინისტრო არ აპირებს ამ ღია წერილზე პასუხის გაცემას“, - განაცხადა ლომოურმა.

რაც შეეხება კონკურსის ჩასატარებელ თანხას, 50 ათას ლარს, რომელიც კულტურის სამინისტრომ „მწერალთა სახლს“ კონკურსის ჩასატარებლად გადაურიცხა, ლომოური ამბობს, რომ თანხა გახარჯული არ არის. ამასთან, მისივე თქმით, თუ კონკურსი არ ჩატარდება, „მწერალთა სახლი“ აღნიშნულ თანხას სამინისტროს დაუბრუნებს.

გარდა ამისა, ნატა ლომოური "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ მისთვის ისიც გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო სამინისტროს მხრიდან ჟიურიში საკუთარი წევრის ჩასმა მაშინ, როდესაც ეს აქამდე არასდროს ყოფილა.

ლომოურის თქმით, ეს ყველასთვის სიახლე იყო და სამინისტროს ამასთან დაკავშირებით სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„რითი არის ეს განპირობებული, რატომ გახდა საჭირო, არანაირი ახსნა ამაზე არ მიგვიღია. პირდაპირ დაგვიდეს წინ ეს ბრძანება. კონსულტაციებიც არ ყოფილა. დიდი ხანია ვცდილობ სამინისტროსგან პასუხის მიღებას, მაგრამ ვერ მივიღე“, - განაცხადა ლომოურმა.

"ინტერპრესნიუსი“ კულტურის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ კონკურსის ჩატარება არ არის სამინისტროს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა და ეს სრულად „მწერალთა სახლის“ პასუხისმგებლობაა.

"კონკურსს ,,ლიტერა" სრულად აორგანიზებს და ატარებს „მწერალთა სახლი“. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონკურსში არანაირად არ ერევა და ამ კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი. სხვა წარმომადგენლებს დამოუკიდებლად ასახელებს "მწერალთა სახლი". გარდა ამისა, სამინისტროს მიერ „მწერალთა სახლისთვის“ სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას „მწერალთა სახლი“ ასევე დამოუკიდებლად განკარგავს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება კითხვას - აპირებს თუ არა სამინისტრო „ლიტერას“ კონკურსიდან“ თავის დანიშნული წევრის გაწვევას? - უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი არ აქვთ.