ბოლო წლებია, აფხაზეთში ყოველი წლის ტურისტულ სეზონზე ერთსა და იმავე თემას, საცურაო კოსტიუმების ტარებას მწვავედ განიხილავენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ახალგაზრდობა რუს ტურისტებს ბაძავს და ისეთივე თავისუფალი წესით ცხოვრებას ცდილობს.
"ეს განსაკუთრებით გოგონებს ეხება, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ძალზე თამამად იცვამენ და თამამ ფოტოებსაც იღებენ" - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში და ზღვის სეზონის თანმდევ "პრობლემებს" აქტიურად განიხილავენ.
"არასდროს, არც ერთ სიტუაცაში არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთში არ ხართ და იქ განსხვავებული ტრადიციებია. ეს არის ფორმა, რაზეც გადის თქვენი უსაფრთხოების ხაზი. სხვა შემთხვევაში, სულაც ჩვეულებრივი ამბავია ვიღაცას არ მოეწონოთ და უეცრად იარაღი ამოიღოს, რასაც ორმხმრივი სროლები მოჰყვება" - წერს ინტერნეტგამოცემა zen.yandex.ru.
"აქ ნუ დაიწყებთ ადგილობრივებზე ხუმრობას, იმიტომ, რომ ისინი გაგვიგებენ და აგყვებიან. ნურც "პონტის" ძებნას შეუდგებით, მით უფრო ქუჩაში, თორემ ცუდად დასრულდება, აქ მხოლოდ ზღვა, ცურვა, ჭამა და ნომერში გართობა, ისიც "მოგუდულად" შეიძლება, რადგან ვერ ვიტყვი, რომ აქაურებმა საკურორტო ზონის პირობები გაითვალისწინეს და შენობებში ხმაგაუმტარი მასალა გამოიყენეს... აქ შეიძლება მუსიკის ოდნავ ხმამაღლა მოსმენის გამო, კარზე მოგიკაკუნონ, რომ აქ სხვებიც არიან და წუხდებიან.
ჩვენთან ერთად, მასპინძლის 24 წლის გოგონა წამოვიდა ზღვაზე. მალე მას ბიძაშვილმა მოაკითხა, რომ მისთვის ეპატრონა, რაც იმაში გამოიხატება, რომ გოგონას ზღვაზე "მოკრძალებული" საცურაო კოსტიუმი უნდა ჩაეცვა" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ოლგა შულცი, რომლის თქმითაც, აფხაზეთი ან "შარის მაძიებელთა" დასასვენებელი ადგილია, ამ პენსიონერებს.
ადგილობრივების თქმით, რაც დრო გადის, უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს, თავისუფლად იცხოვროს, რასაც სხვების, მათ შორის, მათივე თანატოლების პროტესტი მოჰყვა.
"ვის ვედრებით ჩვენ, იმ ხალხს, ვინც სასმელს დაინახავს თუ არა, ერთ წუთში თვრება და ყველაფერი ავიწყდება? ნასვამი გოგონები მათ გარემოში, მათ სამყაროში მიღებულია და შესაბამისად, არც თამამი ჩაცმის პრობლემა აქვთ. ზღვაზე ყველას გვაცვია საცურაო კოსტიუმი, აბა კაბა-შარვლით ზღვაში არავინ ჩადის, მაგრამ ზომიერება იქაც საჭიროა. ჩვენ რუსეთში არ ვცხოვრობთ" - წერს ადგილობრივი ილონა კუცია მიმდინარე ზღვის სეზონზე.
"გახსოვდეთ ჩვენი ადათი "აფსუარა!".. ყველას ეტყობა, ვის რა ოჯახიდან გამოდის. ჩაცმასა და ზღვაზე მოქცევაზე ეტყობა. გახსოვდეთ, ესენი ჩამოვლენ, დაისვენებენ და წავლენ, ჩვენ კი აქ ვრჩებით და ყველას ყველაფერი გვახსოვს - საცურაო კოსტიუმის ჩაცმაშიც შეიძლება შენი ოჯახისშვილობა გამოჩნდეს. ადრე ჩვენი ქალები და გოგოები ცალკე ბანაობდნენ, ან ნაკლებ ხალხში, იმიტომ კი არა, მათ ვინმე უკრძალავდა, უბრალოდ, ასე უფრო თავისუფლად გრძნობდნენ თავს. ახლა ლამის საცვლებით დარბიან. სილამაზის წარმოჩენა ტანსაცმელშიც ძალიან კარგად შეიძლება... რამდენიმე წლის წინ ტურისტებს ვუწესებდით ზღვარს, რადგან არ მოგვწონდა, რომ ქალაქში გახდილი დადიოდნენ და ახლა ჩვენებიც იგივე აკეთებენ" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი ასტამურ ბენა.
"იმის ნაცვლად, რომ წინ წავიდეთ, პირიქით, უკან დაბრუნებას ცდილობს ხალხი, რაც მთავარია, ამაში ქალებიც, თანაც ახალგაზრდებიც უბამენ მხარს, თურმე საცურაო კოსტიუმით ზღვაზე და სანაპიროზე სიარული უხამსობა ყოფილა. 30 წლის წინ, ვინც შემთხვევით აღმოჩნდა ქალაქში, ქართველების ბინებსა და სახლებში შესახლდა, ისინი გვიკითხავენ მორალს, რადგან მთის ტრადიციებს ვერ მოსწყდნენ... ისედაც ფეხქვეშ არის გათელილი ქალების უფლებები, თავიანთი სურვილით შვილის გაჩენის უფლება არ აქვთ, თუ ერთი გოგო უკვე ჰყავთ, შემდეგი ფეხმძიმობა სელექციურ აბორტს ექვემდებარება - ვიდრე ექოსკოპია მამრობით სქესს არ აჩვენებს, შვილს არ აჩენინებენ..." - წერს იამზე გუნია.
ფოტოები: zen.yandex.ru