ავტორი:

"ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას ამ ავადმყოფურ ბოდვაზე" - ნათია თურნავა სუს-ის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციაზე

"ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას ამ ავადმყოფურ ბოდვაზე" - ნათია თურნავა სუს-ის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციაზე

ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას ამ ავადმყოფურ ბოდვაზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სუს-ის ჩანაწერებს ეხება.

თურნავას თქმით, აღნიშნული საკითხი არასერიოზულია.

"ეტყობა მოეწყინათ ვიღაც ვიღაცებს, სხვა არაფერი საქმე არ აქვთ სალაპარაკო და ვიღაცის ავადმყოფურ ტვინებში ჩნდება ასეთი ვერსიები. მე სერიოზულად უბრალოდ ვერ შევალ ამაში. არ ვაპირებ ამაზე საუბარს“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს.

კერძოდ, გუშინ, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, როგორც თავად აღნიშნა, სუს-დან მოპოვებული კრებსი. გვარამიას ინფორმაციით, ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე.