"ნ.გ. - ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. როგორც ჩანს, საკუთარი წარსული გაახსენდათ", - ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან უკანონო ფარულ მიყურადღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
მისივე თქმით, მოსმენა მხოლოდ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე ხორციელდება და უკანონოდ არავის უსმენენ.
"არის რაღაც ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი, როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უსმენდნენ ტოტალურად მთელ საზოგადოებას. ნიკა გვარამია აქედან ვერ გამოვიდა, აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული,“ - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ადასტურებს გავრელებული ტექსტის შინაარსს, კობახიძის თქმით, მის ამ განცხადებას ფასი არ აქვს.
"მშვენიერაძე და გვარამია არიან ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და აქედან გამომდინარე, მელიამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, ეს არ ჭრის, ამას ფასი არ აქვს,“- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, "მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. კერძოდ, გუშინ, გადაცემაში "მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, როგორც თავად აღნიშნა, სუს-დან მოპოვებული კრებსი. გვარამიას ინფორმაციით, ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე.