ავტორი:

პატრიარქი ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს და ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს

პატრიარქი ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს და ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს და საქართველოში ჩამობრძანებული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს.

წერილში ნათქვამია, რომ საპატრიარქო აღნიშნულ საკითხს უკვე დიდი ხანია აყენებს ხელისუფლების წინაშე, მზაობა ყოველთვის იყო, თუმცა ხელისუფლება სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობების შექმნას ითხოვდა.

პატრიარქი თავის წერილში აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ამასთანავე, სიწმინდის დაცვის მიზნით ჩატარდა სხვა საჭირო სამუშაოებიც.

"ბატონო ირაკლი, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო.

მოგეხსენებათ, საქართველოში, ღვთის განგებით, ჩამობრძანდა ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად - "პირი ღვთისად“ წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.

ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნისა და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად.

ვიმედოვნებთ, მის დაცვას ერთობლივად უზრუნველვყოფთ, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წელს აღვნიშნავთ ამ ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავს და თქვენ მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!“- ნათქვამია პატრიარქის წერილში.