პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლის თაობაზე პრეზიდენტის განცხადებას „დაბალანსება აკლდა“.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „როცა ვითარებას აფასებ, უფრო ზუსტი და დაბალანსებული უნდა იყო“.
„ვფიქრობ, შეთანხმების დარღვევა, გაუქმება კარგი არ არის, მით უფრო, რომ შეთანხმების პათოსი გვკარნახობდა, პოლიტიკურ სუბიექტებს კონსენსუსის საშუალება მოეძებნათ. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, ვინაიდან შეთანხმებიდან გასვლა ერთია, ამას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს. მეორეა, როცა შეთანხმებას საერთოდ არ უერთდები, რაზეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა, ვინაიდან უკვე ნათელი იყო სიტუაცია რა მიმართულებით ვითარდებოდა. პრეზიდენტმა გაანალიზა ისე, როგორც ხედავს, გაანალიზა შედეგები. ცუდია შედეგი, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკური სუბიექტები რესურსს ვერ ნახულობენ, რათა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოზიციები შეიმუშაონ, მაგრამ როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული. მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე უარი არასდროს უთქვამს. ამის არ დანახვა სწორი არ არის. პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა ჰქვია. მან ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიყვება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ვალდებულებაა ყველა ძალისხმევა მიმართოს იქითკენ, რომ შეთანხმება ოდესმე მიღწეულ იქნას, "თუმცა ეს რთული და შეუსრულებელი მისიაა, რადგან კონკრეტულ სუბიექტებს ამის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ".
"პრეზიდენტს მოეთხოვება ამ მიმართულებით თანმიმდევრული იყოს", - აღნიშნა ვოლსკიმ.