ბერძენი მეხანძრეები ქვეყნის დედაქალაქ ათენთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობენ, თუმცა მათ ძალისხმევას ძლიერი ქარი და სიცხე ართულებს, - ინფორმაციას "დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ცეცხლმა დასახლებულ ტერიტორიებამდე მიაღწია და საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა ათენის ჩრდილოეთით ათასობით ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს. მეხანძრეები კარდაკარ დადიან, რათა დარწმუნდნენ, რომ მოქალაქეებმა სახლები დატოვეს.
"ჩვენს უკან ჯოჯოხეთია“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვებისას.
საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსმა ნიკოს ჰარდალიასმა აღნიშნა, რომ ხანძარი "ძალიან საშიშია“ და ის ძლიერი ქარისა და სიცხის გამო კიდევ უფრო ძლიერდება. ათენში 45 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურა დაფიქსირდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, სიცხე მომავალი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.
"გადამწყვეტი საათებია. ჩვენს ქვეყანაში ბოლო 40 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სიცხის პერიოდი დგას,“ - აღნიშნა ნიკოს ჰარდალიასმა. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ტყის ხანძრების შედეგად ჯერჯერობით სერიოზულად არავინ დაშავებულა.
საბერძნეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო საბერძნეთში და მოუწოდებს იქ მცხოვრებ ქართველებს, რომ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს დაემორჩილონ.
დიპლომატიური უწყება მოქალაქეებს შეახსენებს, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი -6995779793.
"ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთ ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდებულია, დახუროთ კარები და ფანჯრები.
შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.
საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს.
აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.