ვენესუელელ მოთხილამურეს, ადრიან სოლანოს სპორტის ისტორიაში ყველაზე უცოდინარ სპორტსმენს უწოდებენ. ვინც სოლანოს გამოსვლას ნახავს, აუცილებლად იტყვის, რომ თავად უკეთესად შეძლებს ასპარეზობას.
აქ გასაკვირი არაფერია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლოს და ბოლოს, თოვლს ყოველ წელს მაინც ვხედავთ. ადრიანი კი იმ ქვეყნიდან არის, სადაც თოვლი მხოლოდ სიტყვაა და მიუხედავად ამისა, მაინც მოთხილამურეობა გადაწყვიტა. რადგანაც გზაზე თხილამურებით ვერ იმოძრავებდა და შესაბამისად, ვერც მართვას ისწავლიდა, ისეთი თხილამურებით დაიწყო ვარჯიში, რომელიც გორგოლაჭებზეა.
სოლანომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყვიტა, რომ ერთი თვე შვედეთში გაეტარებინა, რათა ჯერ საერთოდ თოვლი ენახა, შემდეგ კი დაუფლებოდა მოთხილამურის ოსტატობას და თავისი სამშობლო მსოფლიო პირველობაზე ღირსეულად წარედგინა.
თუმცა 22 წლის თავგადასავლების მაძიებლის გეგმებს ახდენა არ ეწერა. მთელი შეგროვებული ფული ევროპაში გასამგზავრებელ ბილეთში დახარჯა. შვედეთში ჩასვლამდე, ჯერ ფრანგი მესაზღვრეების ბარიერი უნდა გადაელახა, მათ წინაშე კი უკანასკნელი 28 ევროთი წარსდგა.
ვენესუელელი სპორტსმენი თავდაპირველად ნარკომოვაჭრედ და ტერორისტად ჩათვალეს. მოგვიანებით იფიქრეს, რომ დევნილი იყო, რადგან "სოციალისტური სამოთხის“ დატოვება უამრავ ადამიანს სურდა. როცა შარლ დე გოლის აეროპორტის თანამშრომლებმა მოისმინეს, რომ ბიჭი მოთხილამურეა, ხმამაღლა დაიწყეს სიცილი. ამბობდნენ, არც ერთ ნარკომოვაჭრეს მსგავსი რამ არ მოუმიზეზებიაო.
მოკლედ, სოლანო სამხრეთელი ადამიანისთვის ასეთ რთულ სპორტს ტყუილად არ აირჩევდა ჯიუტი და შეუპოვარი რომ არ ყოფილიყო. თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა, გაფრინდა სამშობლოში, ისევ ძლივს შეაგროვა ბილეთის ფული და მსოფლიო ჩემპიონატამდე, რამდენიმე დღით ადრე, ლაჰტიში გაემგზავრა. ჩასვილისთანავე სოლანო ყველაფერმა გააოცა: თოვლმა, სიცივემ, ხალხმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოკლე პერიოდში და რამდენიმე დღეში თხილამურებზე სრულფასოვნად დადგომა ვერ ისწავლა, ჩემპიონატზე გასვლა მაინც გადაწყვიტა.
სტარტიდან 6 კმ ისე გაიარა, რომ ცხადი იყო - მეორედ მას არც ერთ ჩემპიონატზე აღარ დაუშვებდნენ. მაყურებლის ნაწილი ხუმრობდა, ნაწილიც - ლანძღავდა და აგინებდა. ზოგი ფიქრობდა, რომ "თოვლი სპორტსმენს ვერ იტანდა" და რაღაც ჯადო ჰქონდა. 6 კმ-ის გავლის შემდეგ, სათხილამურო ჯოხი გაუტყდა, ხოლო როცა ახალი მისცეს, ისიც ვერ გაიგო, როგორ უნდა გამოეყენებინა.
ახლა სოლანო ვარსკვლავია. მასთან ფოტოებს ცნობილი სპორტსმენები იღებენ. ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ ის ამ სპორტის ჩარლი ჩაპლინია.
მთლიანობაში, ყველა თანხმდება, რომ სოლანომ სათხილამურო სპორტზე დადებითი გავლენა მოახდინა, რადგან დამატებითი ყურადღება მიიქცია. ის სახალისო მიმების შექმნის შთაგონების წყარო და ბევრისთვის მოტივაციის მიმცემი გახდა.
სოლანომ კი ჩემპიონის ხასიათი, მიზანსწრაფულობა და შეუპოვრობა გამოავლინა, რომელმაც თავისი ოცნების ახდენისთვის ყველაფერი გააკეთა.
დღეს ადრიანი ოჯახისგან მოშორებით, მექსიკაში ცხოვრობს, სადაც თავის ფურგონში ჰამბურგერებს ყიდის. ოცნებობს, რომ ოჯახი როგორმე ვენესუელადან იქ გადაიყვანოს.
ავტორი: ანრი კურტანიძე