ავტორი:

"ლაშას გამოსვლის დროს, ვლოცულობდი... ამ დროს იმხელა განცდები მაქვს, მისი ყურება არ შემიძლია" - ტალახაძის დედის პირველი ემოციები შვილის ტრიუმფის შემდეგ

"ლაშას გამოსვლის დროს, ვლოცულობდი... ამ დროს იმხელა განცდები მაქვს, მისი ყურება არ შემიძლია" - ტალახაძის დედის პირველი ემოციები შვილის ტრიუმფის შემდეგ

მთელი საქართველო ზეიმობს ტოკიოში ქართველი გოლიათის ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე გამოსვლას, რომელმაც ქვეყანას კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუპოვა.

უკვე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 208, 215 და 223 კილოგრამი ასწია, რითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აკვრაში ქართველმა 245 კილოგრამი დაძლია, რითაც ოლიმპიური ოქრო აიღო. ტალახაძე ამ გამარჯვებით ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

ამასთან, ლაშა ტალახაძე არის პირველი ქართველი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ტალახაძე 5-გზის ევროპის ჩემპიონი, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.

მორიგი გამარჯვების მისალოცად და ინტერვიუს ჩასაწერად AMBEBI.GE ლაშას დედას, ჟანა თოდაძეს დაუკავშირდა.

ჟანა თოდაძე:

- პირველ რიგში ამ დიდ გამარჯვებასა და სიხარულს ჩვენს ქვეყანას ვულოცავ. ამას უკვე ემოციებიც აღარ ჰქვია, რამდენი სიხარულისა და სიამაყის დამტევია ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, სრულიად საქართველოს და ჩემს შვილს, ლაშას. მე საერთოდ არ ვუყურებ ხოლმე ლაშას გამოსვლებს, სამიოდე წუთის წინ შევხედე მარტო ლაშას დაჯილდოების დროს. დანარჩენი კადრებისთვის არ მიყურებია.

ლაშა ტალახაძე მშობლებთან ერთად

ეს იმხელა სიხარულთან ერთად, იმხელა ტკივილი და განცდაა, რომ არ შემიძლია ყურება. მე დედის ლოცვით ვეხმარები ჩემს შვილს და ისე ვაძლიერებ. ლაშას გამოსვლის დროს, ვლოცულობდი, ისე როგორც ყველა ქრისტიანი დედა.

- ახლა თქვენს სახლში ალბათ უამრავი ადამიანია შეკრებილი...

- მთელი საჩხერის რაიონია შეკრებილი, საფეხბურთო მოედანზე დიდი ეკრანი დაამონტაჟეს და იქ უყურებენ ღია ცის ქვეშ. მთელი მოსახლეობა, სტუმრები იქ არიან შეკრებილი. მე მოკლებული ვარ იმ დიდ სიხარულსა და ემოციებს რაც იქ ხდება, მაგრამ მოედანი ახლოს არის სახლთან და მესმის ხალხის ყიჟინა და ფოიერვერკების ხმა.

ყველას დიდ მადლობას ვუხდი. ღმერთმა ქნას, ამ მომენტში როგორი ბედნიერი დედაც ვარ, ასეთი ამყოფოს ყველა ქართველი დედა. წარმატებული ახალგაზრდობა უმრავლოს საქართველოს.