ავტორი:

ვაქცინაციას უხუცესთა ანსამბლი "ბერმუხა" შეუერთდა - თორმეტივე ქორეოგრაფი "ფაიზერით" აიცრა

ვაქცინაციას უხუცესთა ანსამბლი "ბერმუხა" შეუერთდა - თორმეტივე ქორეოგრაფი "ფაიზერით" აიცრა

აჭარაში მასობრივ ვაქცინაციას უხუცესთა ანსამბლი “ბერმუხა“ შეუერთდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის ანსამბლ "ბერმუხას“ წევრები Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ და თორმეტივე ქორეოგრაფი "ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა.

"ბერმუხას" ყველაზე უხუცესი წევრი 98 წლის მუხამედ ირემაძეა, ხოლო ყველაზე უმცროსი 69 წლის თემურ აბულაძე. უხუცესთა ვაქცინაცია ევექსის ჰოსპიტლების - "ხულოს სამედიცინო ცენტრში" ჩატარდა.

პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრნენ.

“გაფართოვდა იმუნიზაციის პროცესი, მაღალმთიან აჭარაში უკვე დაწყებულია "ფაიზერით" ვაქცინაცია, ასევე მიმდინარეობს ,,სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“. მაგალითად, ხულოში ყოველდღიური ჯავშნის რაოდენობა 100-მდეა. დღეს ჩვენ დავესწარით ანსამბლ ,,ბერმუხას“ წევრების ვაქცინაციის პროცესს. აიცრა პირველი უხუცესი მაღალმთიან აჭარაში, რომელიც 98 წლისაა. მნიშვნელოვანია ვაქცინაცია უფრო ინტენსიური ხასიათის გავხადოთ. დაახლოებით 3 000-მდე აცრა ხდება ყოველდღიურად ჩვენს რეგიონში, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს დღეებში, როგორც ხულოში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში, კერძოდ ქედასა და შუახევში ამბულატორიების დამატებას. ვაქცინაციის ტემპი ყოველდღიურად უნდა იყოს მზარდი“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, აჭარაში ვაქცინაცია 20 სამედიცინო დაწესებულებაში და ბათუმის ორ მსხვილ სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის ვაქცინირებულია 64 286 ადამიანი.