ავტორი:

"ინფიცირებულთა ზრდას ტურიზმს ვერ დავაბრალებთ - მთავარი "ბუსტერი" არის ქორწილი, დიდი თავშეყრა" - თამარ გაბუნია

"ინფიცირებულთა ზრდას ტურიზმს ვერ დავაბრალებთ - მთავარი "ბუსტერი" არის ქორწილი, დიდი თავშეყრა" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა ერთმნიშვნელოვნად ტურიზმს არ უკავშირდება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია დიდი თავშეყრები და წესების უგულებელყოფა.

“ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერა დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად, ბევრი სხვა ფაქტორია. მთავარი „ბუსტერი“ არ არის ტურიზმი, მთავარი „ბუსტერი“ არის ქორწილი, დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს, ეს არის სწორედ ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე. დღეს მიმდინარე ღონისძიებები გარკვეული წესების დაცვით იმართება, მთავარი რისკი არის იქ, სადაც იმ წესების დაცვა არ და ვერ ხდება, ეს იწვევს სწორედ ინფექციის გავრცელებას, თორემ რაც წინასწარ დაგეგმილია, სადაც ადამიანების რაოდენობა განსაზვრულია და დისტანცია, წესია დაცული, ის „ბუსტერს“ არ ქმნის ინფექციის გავრცელების კუთხით. უკონტროლო გავრცელება არის იქ, სადაც არის გარკვეულწილად ოჯახური თავშეყრა და წესებს არ იცავენ. ეს არის ყველაზე საშიში“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებელს 1,3-1,4%-ის ფარგლებში ინარჩუნებს.

„ჩვენი სცენარი და პროგნოზი ისევ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს ემყარება. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს. სიკვდილობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1,3-1,4% ფარგლებში და ამდენად, ეს არის ის მათემატიკა, რომელიც მე შემიძლია გაგიზიაროთ პანდემიასთან მიმართებაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვების კუთხით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

„რა თქმა უნდა, რაოდენობა რჩება, თუმცა სიმძიმე არის მსუბუქი, პანიკაც და შიშიც გაქრა პირველი ტალღის შემდეგ და ბავშვების დიდი ნაწილი რჩება ოჯახში საწყისი შეფასების შემდეგ, ამდენად, ის ჰოსპიტალური საწოლები, რომლებიც ჩვენ დავამატეთ ბავშებისთვის ამ ეტაპზე არ არის დატვირთული“, - აღნიშნა გაბუნიამ.