ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინაცია ორსულებზე ან დაორსულებაზე გავლენას არ ახდენს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე არ დასტურდება ინფორმაცია, თითქოს ვაქცინა მამაკაცების განაყოფიერების ფუნქციებზე უარყოფითად მოქმედებს.
“მსოფლიოში ეს აზრი ვაქცინაციის დასაწყისში მუსირებდა. ამერიკამ და ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ, ასევე ავტორიტარულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარეს კვლევა. დადგინდა, რომ ორჯერადად ვაქცინირებული ქალებისგან დაიბადნენ ბავშვები, არავითარი პრობლემა მუცლადყოფნის პერიოდში ან შემდგომ ვაქცინირებულ მშობლებს არ ექმნებათ. მამაკაცების უნაყოფობაც არ დადასტურდა. სინგაპურის, ამერიკისა და ისრაელის კვლევა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ვაქცინა სპერმატოზოიდების ხარისხზე არ მოქმედებს და აბსოლუტური სხვაობა არ არის არავაქცინირებულ და ვაქცინირებულ ადამიანებს შორის. ცივილურ სამყაროში ეს საკითხები უკვე მოხსნილია და ჩვენს ქვეყანაში თუკი ვინმეს აღელვებს, კიდევ ერთხელ განვუმარტავ, ვაქცინა განაყოფიერების ფუნქციებზე არ მოქმედებს“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.