ავტორი:

"მესამე დოზა, ალბათ, აუცილებელი იქნება, თუმცა არა ყველასთვის..." - როგორია ვაქცინაციის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში და რა იგეგმება "ბუსტერ" დოზებთან დაკავშირებით

"მესამე დოზა, ალბათ, აუცილებელი იქნება, თუმცა არა ყველასთვის..." - როგორია ვაქცინაციის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში და რა იგეგმება "ბუსტერ" დოზებთან დაკავშირებით

შეერთებული შტატები მუშაობს იმაზე, რომ სუსტი იმუნური სისტემის მქონე ამერიკელების დამატებითი, ე.წ. „ბუსტერ დოზით“ აცრა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა ბუსტერ დოზები მიიღონ და ახლა ამაზე ვმუშაობთ,” - აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი განმარტებით, დამატებითი დოზით ვაქცინაციის საშუალებით შესაძლებელია აშშ-ში „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო გაზრდილი დაინფიცირების მაჩვენებლის შემცირება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 43%-ით გაიზარდა. ოთხშაბათს კი 100 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის ბოლო 6 თვის განმავლობაში.

მოქალაქეების დამატებითი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრას გეგმავენ ასევე საფრანგეთი და გერმანია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ სექტემბრიდან ხანდაზმულებსა და მოწყვლად მოსახლეობას კოვიდ -19-ის ვაქცინის მესამე დოზა შესთავაზონ.

„მესამე დოზა, ალბათ, აუცილებელი იქნება არა პირდაპირ ყველასთვის, არამედ ყველაზე დაუცველი და ყველაზე ხანდაზმული ადამიანებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა.

მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის „ბუსტერ დოზის“ შეთავაზებას სექტემბრიდან გერმანიაც გეგმავს. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ხანდაზმულები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები აიცრებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით მოსახლეობის ვაქცინაციაზე მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადდეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ვაქცინის პირველ დოზას ელოდება, როცა მდიდარი ქვეყნები მესამე ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრას იწყებენ.

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4.27 მილიარდს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ვაქცინაცია სულ 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 42 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 27%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

ყველაზე მეტი 1.7 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მას ინდოეთი მოჰყვება 488 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 479 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 348 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 40 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 50%, აშშ-ში 49%, დიდ ბრიტანეთში კი 58%.

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 201 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან კი 181 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 15.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 36.1 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.8 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.