აფხაზეთში, გაგრის რაიონში არბაიკის მასივზე მდებარე ვერევკინის მღვიმეში ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას abkhaz-auto.ru ავრცელებს.
ადგილობრივების ვერსიით, ეს რუსი სპალეოლოგია, რომელიც იქ 2020 წელს იმყოფებოდა, ოღონდ მარტო იყო თუ სხვებთან ერთად იყო, ეს ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, რატომ არ იძებნებოდა ეს ადამიანი აქამდე, თუ მისი საქმიანობა ცნობილი იყო, ან თუ თან ახლდა ვინმე, რატომ დატოვეს მათ კოლეგის ცხედარი 1100 მეტრის სიღრმეში.
მისი ვინაობა და იქ ჩასვლის კონკრეტული მიზეზი დღემდე უცნობია, რადგან ამ ეტაპზე რუსული მხარე ოფიციალურად მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ვერევკინის მღვიმეში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღრმად მღვიმედ არის მიჩნეული, რუსმა სპალეოლოგებმა ექსპედიცია 2018 წელს მოაწყვეს და 2212 მეტრის სიღრმეში ჩავიდნენ.
მომხდარს უამრავი ეჭვი და კითხვა მოჰყვა აფხაზ მოსახლეობაში. მათი გაღიზიანება გამოიწვია იმანაც, რომ რუსი სპალეოლოგები, ხშირ შემთხვევაში, რეგიონს ისე სწავლობენ, რომ ამის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ. ეჭვს იწვევს ისიც, თუ როგორ აღმოჩნდა მარტო საკმაოდ რთულ მღვიმეში ერთი სპალეოლოგი და რა ვითარებაში დაიღუპა ის.
"რატომ ვერევკინი?.. აფხაზებს არ გვყავს და არც არასდროს გვყავდა სპალეოლოგები და ალპინისტები? ჯერ იყო ყველაფრის ქართველიზაცია, ახლა გასაგებია საითაც მივყავართ ტალღას, თანაც ჩვენივე სურვილით... ვითარება, რომ სახიფათოა, ამას ადასტურებს კაფე-რესტორნების, სასტუმროების და მაღაზიების სახელები.
თუ 90-იანი წლების შემდეგ, უამრავ სოფელს და დასახლებას შეეცვალა სახელი, რატომ არ შეიძლებოდა ესეც შეცვლილიყო და აფხაზეთის რესპუბლიკის შესაფერი სახელი ეწოდებინათ?!. პოლიტიკური ნებაა ამისთვის საჭირო. ასეთია სიმართლე" - წერს მურად ბგანბა.
"მღვიმეა თუ გასასვლელი დერეფანი? ის უბედური სპალეოლოგი მარტო როგორ აღმოჩნდა იმ მღვიმეში? ძნელი დასაჯერებელია, რომ დასალევად იქ წავიდოდა, შესაძლოა, ვინმესთან ერთად წავიდა და იმან ჩააგდო, მაგრამ რატომ, რისთვის?.. ეს "შავი გზებით" მომუშავე ადამიანები ხომ ვერ ამოვკვეთეთ აფხაზეთში, ვისაც როგორ უხერხდება, ისე გვიტევს. აქ ჩამოდიან უამრავი უბედურების გასაკეთებლად, რომ ილოთაონ, ნარკოტიკები მოიხმარონ, ერთმანეთზე შური იძიონ... ხელისუფლებამ რაღაც უნდა მოუხერხოს ამ ველურ ტურისტებს; არადა, ჩვენ გვიწოდებენ "მთის მაიმუნებს" - წერს ნასტასია ბაძაღუა.
"ახლა იმაზე უნდა გქონდეთ აქცენტი, თუ როგორ მოხვდა იქ რუსი სპალეოლოგი. დარწმუნებული ხართ, რომ იქ თავისი ნებით, საქმიანობიდან გამომდინარე იმყოფებოდა?.. იქნებ მოკლეს და შემდეგ ჩააგდეს. ეს ერთი და მეორე - წიგნს თუ არ კითხულობთ, გუგლში მაინც წაიკითხეთ ისტორია - რუსული დასახელება იმიტომ აქვს, რომ გამოქვაბული რუსმა სპალეოლოგმა, ალექსანდრე ვერევკინმა გახსნა, 2018 წელს, როდესაც სიღრმეში ჩასვლის მსოფლიო რეკორდი მოხსნა და რეკორდსმენადაც აღიარეს. ამის შემდეგ ეწოდა მისი სახელი.
ზოგადად კი, გამოქვაბული 1968 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ არა სრულად. მაშინ კრასნოიარსკის სპალეოლოგებმა ბუნებრივი მაღაროს მხოლოდ 115 მეტრის დათვალიერება შეძლეს. მერე აღმოაჩინეს ფარული გასასვლელი, რომელიც მანამდე ჩიხი ეგონათ... და არ არის საჭირო ყველაფერში ქვეტექსტების ძიება" - წერს abkhaz-auto.ru-ს ფეისბუქგვერდზე რუსი ინტერნეტმომხმარებელი ტატიანა ბოშევანი.
"სწორედ მაგას ვამბობთ, რატომ არ შეიძლებოდა, ჩვენი სპალეოლოგებიც ჩაგერთოთ ამ საქმეში, მაგრამ მერე ზემოდან ვინ გვიყუროს და "ველური მაიმუნები" გვიწოდოს" - წერს პასუხად "იასონ აფხაზი".
"დიახ, ყველაფერს უნდა დავუბრუნოთ თავისი ისტორიული სახელი. რაც ჩვენია ჩვენია და თუ მეგობრები ხართ, მეგობრულად მოგვექეცით, ჩვენ არ ვიცით, და დიდი ალბათობით, არც ჩვენმა ხელმძღვანელობამ იცის, რა ინტერესები აქვს რუსეთს იმ მღვიმესთან დაკავშირებით, რომელსაც თურმე ფარული დერეფანი აქვს. ასეთი ეჭვები თქვენმა ქმედებებმა გამოიწვია, ამაშია საქმე... კიდევ ერთი, არავინ იცის ნამდვილად სპალეოლოგი იყო თუ რამე საიდუმლო დავალებით იყო შემოსული, მეწყვილესთან ერთად და დავალება ჩაბარდათ. არ გაგვიგია ასეთი რამე, თუ რა?" - წერს ესმა კუცია.