ვფიქრობ, რუსეთი თავის განცხადებებში, საკმაოდ თანმიმდევრულია, როცა უნდა, რომ გაუგებრობა და საკამათო თემა შემოიტანოს ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის თაობაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს განცხადება არ კეთდება მხოლოდ განცხადებისთვის და ის საკმაოდ აგრესიული პოლიტიკის შეფუთვის მცდელობაა.
"რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ოკუპაციას დაუმატონ გარკვეული ელემენტები, თუნდაც, პასპორტების დარიგების თემა, ბორდერიზაციას მიჰყვება ინტენსიურად, ოკუპაციის და იმის ყოველდღიური გამოვლინების ფონზე, რომ ეს ბოროტება გრძელდება და ამის ფონზე, განცხადების გაკეთება არ ვიცი ვისი გულის მოსაგებად კეთდება - საზოგადოების? იგივე სააკაშვილზე ამის თქმა, რომ თითქოსდა ნაწყენები არიან ადამიანზე, ვინც საშუალება მისცა, რომ ოკუპაციაც მოეხდინათ და ათეულობით სტრატეგიული ობიექტიც ჩაეგდოთ ხელში", - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მისი დევნა პუტინის შეკვეთაა და თავის დროზე ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანია რუსეთიდან 2 მილიარდი დოლარით დაფინანსდა.
"სააკაშვილის განცხადება ეფუძნება იმას, რომ 8 აგვისტო მოდის და ის ხალხი ჯერ კიდევ ცოცხალია, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები და არა მარტო ჯარისკაცები, ვინც ბრძოლის ველზე მიატოვა სააკაშვილმა, არამედ სამოქალაქო პირები, რომლებიც არ გამოიყვანა, არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს და ყველანაირი პირობა შეუქმნა რუსეთს, რომ მოეხდინა ოკუპაცია ამ ტერიტორიების. ეს პერიოდი (8 აგვისტო) მოდის და ამ პერიოდის წინ რუსეთი აკეთებს განცხადებას, რომ თურმე სააკაშვილი არ უყვარს და სააკაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ თურმე რუსეთის მოკავშირე არა თვითონ არის, კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე, არამედ "ქართული ოცნება", ეს არის რეალური სურათი და ამის უკან სხვა მოსაზრება, ანალიზი, ფაქტი ან მიზეზშედეგობრივი მტკიცებულება არ არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ.