ავტორი:

"ადამიანები წყალში გადახტომით ცდილობენ, თავს უშველონ... განადგურდა სახლები, ავტომობილები" - უმძიმესი ფოტოები საბერძნეთიდან, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

"ადამიანები წყალში გადახტომით ცდილობენ, თავს უშველონ... განადგურდა სახლები, ავტომობილები" - უმძიმესი ფოტოები საბერძნეთიდან, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 38 წლის მეხანძრე ელექტროგადამცემი ბოძის ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის გარეუბანში დაიღუპა. მეორე მსხვერპლი კი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, კონსტანტინო მიხალოსია.

ამასთან, ხანძრის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი.

საბერძნეთში მეხანძრეები 154 ტყის ხანძარს ებრძვიან. ყველაზე სახიფათო მდგომარეობაა ათენის ჩრდილოეთით. ხანძარი ასევე მძვინვარებს ახლომდებარე კუნძულ ევიაზე და ოლიმპიური თამაშების სამშობლო ძველ ოლიმპიასთან ახლოს. განადგურდა სახლები, ავტომობილები და ბიზნეს ობიექტები.

ხუთშაბათსა და პარასკევს 60-მდე სოფლისა და დასახლების ევაკუაცია განხორციელდა. კუნძულ ევიადან ადგილობრივი მკვიდრები და ტურისტები ბორნებისა და სათევზაო ნავების გამოყენებით გაიყვანეს.

ხანძრის გაკონტროლებას ასობით მეხანძრე-მაშველი და 20-მდე სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი ცდილობს. მეხანძრეები და თვითმფრინავები იგზავნება სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან და აშშ -დან.

ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა მთელი კვირის განმავლობაში 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა, მდგომარეობას ართულებს ძლიერი ქარიც. საბერძნეთის პრემიერ- მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, ხანძარი კლიმატის ცვლილების რეალობას აჩვენებს. „რამდენიმედღიანმა სიცხემ მთელი ქვეყანა დენთის კასრად აქცია,“- აღნიშნა კირიაკოს მიცოტაკისმა.

ადგილიდან უმძიმეს ფოტოებს აქვეყნებს ამერიკელი ჟურნალისტი. ნომიკი წერს, რომ ამჟამად საბერძნეთის გარშემო 100-ზე მეტი ძლიერი ხანძარია.

"უძველესი ქალაქები ნადგურდება, ფერმები დაიწვა. 2018 წლის ტრაგედიის მსგავსად, ადამიანები ცდილობენ თავს წყალში გადახტომით უშველონ, მაგრამ ჰაერი დაკვამლიანებულია და ცხოვრება სოცოცხლისთვის არის ძალიან სახიფათო. მათი სიცოცხლე საფრთხის წინაშეა. ათენში, სადაც ჩრდილოეთისკენ ხანძარია, შინ დარჩენას გვთხოვენ, აქ ჰაერის ხარისხი საშინელია და ირგვლივ ფერფლი ცვივა" - წერს ჟურნალისტი.