ავტორი:

"არ შეიძლება ძალადობა ჟურნალისტებზე, 5 ივლისს დილით ქაშვეთის წინ გავიარე და ვნახე, რომ ეს ხალხი, სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული" - პრეზიდენტი

"არ შეიძლება ძალადობა ჟურნალისტებზე, 5 ივლისს დილით ქაშვეთის წინ გავიარე და ვნახე, რომ ეს ხალხი, სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული" - პრეზიდენტი

არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე - დილით, მე გავიარე ქაშვეთის ეკლესიის წინ და ვნახე, რომ ხალხი, სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება ხარ წესრიგის დაცვა აუცილებელია.

„საერთოდ გაუგებარია, არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე. მგონი, ამის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშვეთში იქნებოდა შეხვედრა, 2 პარაკლისი, რა პარაკლისი?! მე გავიარე ეკლესიის წინ დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავმოყრილი სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული. როდესაც ხელისუფლება ხარ და შესაძლებელია ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, ამის აკრძალვა, წესრიგის დაცვა აუცილებელია. სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც, განცხადებებით.

კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ვიცით, რომ პატრიარქის მთელი ცხოვრება მიძღვნილი იყო იმისკენ, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო, არც შიგნით ეკლესიაში და არც საზოგადოებაში. რაც მისგან მესმის, ეს მისი მთავარი წუხილი და ზრუნვაა. ალბათ, ეს რომ ხდება ეკლესიაში მისთვის დიდი ტკივილია“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, 5 ივლისს, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები დაარბიეს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2-ჯერ ჩამოხსნეს. ისინი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მედიის წარმომადგენლების მიმართაც. 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს სულ 53 ჟურნალისტი დაშავდა.