ავტორი:

"13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ახლაც კი, ოკუპირებული აქვთ მათი ტერიტორიის 20%..." - აშშ და ევროპარლამენტარები ომის წლისთავზე

"13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ახლაც კი, ოკუპირებული აქვთ მათი ტერიტორიის 20%..." - აშშ და ევროპარლამენტარები ომის წლისთავზე

ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მზად ვართ წვლილი შევიტანოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები არიან პანევროპული ოჯახის ნაწილი და მათ თავისუფლად და უმრავლესობით აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა.

„სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, არ შეუძლიათ თავიანთი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების გამოყენება და არც სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით სარგებლობა, რასაც ხელს უწყობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რადგან ისინი კვლავ განიცდიან რუსული ოკუპაციისგან გამოწვეულ ტკივილს. მათ ტკივილს კიდევ უფრო ამწვავებს კოვიდ-19- ის პანდემია. ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების დიალოგისთვის მზადყოფნას, რაც ილუსტრირებულია ამბიციური ინიციატივით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობას მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს. მივესალმებით სამთავრობო კომისიას, რომელიც ახლახან შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატმა, დეოკუპაციისა და მშვიდობიანი კონფლიქტების მოგვარების ქართული სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოს აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული განხორციელებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობით და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეასრულოს თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას (როგორც ეს ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაში), მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში, შეაჩეროს გამძვინვარებული „ბორდერიზაციის“ პროცესი, დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები, განსაკუთრებით ეთნიკური ნიშნით ჩადენილი დარღვევები, დაუშვან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება წინაპართა მიწაზე“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

განცხადებას ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიქსერი.

მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

„13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით ადამიანი აიძულეს, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ახლაც კი, რუსეთის ძალებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%. რუსეთის ოკუპაციას ტრაგიკული ადამიანური საფასური მოჰყვა, განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს,“ - აცხადებს ნედ პრაისი.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის გამუდმებით შეზღუდვა ადამიანების სიცოცხლის ფასად დაჯდა და დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

„მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან," - განაცხადა ნედ პრაისმა.