ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ეს ზეპარტიული საკითხია და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.
გახარიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.
"დღეს ჩვენ ყველა, საქართველოს მოქალაქეები პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და რა თქმა უნდა, სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ვართ დღეს აქ შინდისში გმირების მემორიალთან. შინდისის გმირების, რომლებიც გიორგი ანწუხელიძესთან ერთად დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო არიან. 13 წელი გავიდა, გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. მე რამდენჯერმე მითქვამს და კიდევ ხშირად გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის 20%-ის მიწის ოკუპირება. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვაა, ჩვენი ადამიანური რესურსის შეზღუდვაა და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე, მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ არის, რომ დეოკუპაციის სტრატეგია, დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვებრძოლოთ და დისკუსიები გავმართოთ იმაზე, ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ეს ომი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად ზეპარტიული საკითხი, ერთადერთი აუცილებელი პირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ჩვენ ყველანი ამ დღეს მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხი და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოფელ შინდისში პოლიტიკურ მდივანთან კახაბერ ქემოკლიძესთან, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გიგი ხოჯევანიშვილთან, მრჩეველთან გიორგი აბაშიშვილთან და პარტიის წევრებთან: კონსტანტინე ანანიაშვილთან, ქეთევან ბაკარაძესთან და რუსუდან ფუხაშვილთან ერთად იმყოფებოდა.