13 წელი გავიდა აგვისტოს ომის უმძიმესი დღეებიდან. მაშინ რუსულ აგრესიას 412 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თითქმის 2000-მდე დაიჭრა. ათასობით ადამიანი მიემატა იძულებით გადაადგილებულთა რიცხვს. განადგურდა და მიწასთან გაასწორეს სოფლები, საცხოვრებელი სახლები. ქართული სოფლების დაბომბვა 7 აგვისტოს დაიწყო, 8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა. ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის სოფლები და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთი დღე გაგრძელდა. დღემდე გრძელდება მცოცავი ანექსია და ირღვევა ჩვენი მოქალაქეების უფლებები, დღემდე იტაცებენ ადამიანებს.
აგვისტოს მოახლოვება ყველა ქართველისთვის მძიმეა, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულია იმ დაღუპული ბიჭების ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები, მეუღლეები, მშობლები, ძმები დაკარგეს.
ამ საბედისწერო დღემდე ბედნიერად ცხოვრობდნენ ხობში ძმები, დათა და დაჩი ხურცილავები. როგორც კი რეზერვის მობილიზაცია გამოცხადდა, ბიჭები 7 აგვისტოს ქვეყნის სადარაჯოზე დადგნენ და იმ უმძიმეს დღეს სენაკის ბაზაზე იყვნენ. ბიჭები ხობის კომისარიატმა გაიწვია რეზერვში. ღამის 12 საათს 15 წუთი აკლდა, როცა სენაკის ბაზა რუსებმა დაბომბეს, სამწუხაროდ, 22 წლის დათა ხურცილავა დაბომბვის დროს ადგილზე დაიღუპა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მისი უმცროსი ძმა დაჩი ხურცილავა. უსმენ მის მოყოლილს და ხვდები, რომ მართლაც უფლის წყალობით გადარჩა. ჯერ იყო სამთვიანი უმძიმესი დღეები საქართველოს საავადმყოფოებში, რის შემდეგაც გერმანიაში, მიუნხენის "გროსპადერნის"-ის კლინიკაში გადაიყვანეს და იქ მკურნალობდა. დაჩი ფაქტობრივად 7 წელი იბრძოდა თავისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამ დროის განმავლობაში, მას 32 ოპერაცია ჩაუტარდა. 2 წელიწადი კლინიკაში გაატარა. საბედნიეროდ, დღეს ჯანმრთელია და ისევ ქვეყნის სადარაჯოზე დგას. მშვენიერი მეუღლე ჰყავს და წყვილი ორ შვილს ზრდის.
დაჩი ხურცილავას ამდენი წლის მერეც ძალიან უმძიმს იმ მძიმე დღეების გახსნება.
- დაჩი, 13 წელი გავიდა აგვისტოს ომის საშინელი დღეებიდან. რა განცდა გეუფლება, როცა ეს დღეები ახლოვდება?
- ძალიან რთული და საშინლად მტკივნეულია ამ დღის გახსენება ჩემთვის. ყველაფერი თვალწინ მიდგება, რაც იმ დღეს დატრიალდა, რა თავზარიც დაგვეცა ჩემს ოჯახს და სრულიად საქართველოს. ბიჭები, ვინც იქ ვიყავით, სულით და გულით ქვეყნის სადარაჯოზე ვიდექით. მე იმ დღეს დაღუპულ ყველა ვაჟკაცს ყოველთვის ჩემს ძმასთან, დათასთან ერთად ვიხსენიებ. ვინც იმ დღეებში დაიჭრა და ვინც გადარჩა, ამისთვის ღმერთს მადლობა.
ყოველ წელს, 8 აგვისტოს, 12 საათს რომ 15 წუთი დააკლდება, ჩვენ ვიკრიბებით სენაკის სამხედრო ბაზაზე, იმ ადგილას, სადაც უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. იმ ადგილას მივდივართ ყველა, ვისაც გული გვტკივა და პატივს მივაგებთ იმ დღეს დაღუპული ბიჭების ხსოვნას. წინასწარ ვითხოვთ ნებართვას, შევდივართ ბაზის ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც ჩვენი ბიჭების სისხლის დაიღვარა, სანთლებს ვანთებთ, შესანდობარ ჭიქას ავწევთ და ყოველ წელს, იმ ღამით, იმ დროს იქ გვხვდება მოძღვარი, მამა გიორგი, რომელიც ჩვენი გარდაცვლილი ბიჭების სულის საოხად პარაკლისს იხდის.
2008 წლიდან მოყოლებული არ მახსოვს ისეთი წელი, ჩავარდნა გვქონოდა. ეს ტრადიციად ვაქციეთ. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, ჩვენ იქ მაინც მივდივართ და ვლოცულობთ ქვეყნის ერთიანობას შეწირული ბიჭების ხსოვნისთვის. აგვისტოს ომის დროს, დიდი მსხვერპლი ჰყავდა ხობის რაიონს, 5 რეზერვისტი დაგვეღუპა. სულ 8 ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ, დანარჩენები შს სამინისტროდან, ასევე, ფოთის დაცვის პოლიციიდან იყვნენ. ყველას ერთი მიზანი გვქონდა, ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა.
- დღემდე მახსოვს ის ემოცია, როცა პირველად შენთან ინტერვიუ ჩავწერე. დღემდე ამ ამბის მოსმენა ცრემლების გარეშე წარმოუდგენელია. იქნებ გაიხსენო ის საბედისწერო დღე.
- ძალიან მიჭირს იმ დღეების გახსენება... პირველ კურსზე ვიყავი, როცა 18-დღიან რეზერვში გამიწვიეს. 2-ჯერ მე და ჩემმა ძმამ, დათამ, რეზერვი ერთად გავიარეთ. დათა ფოთში მუშაობდა, ომი რომ დაიწყო, გვითხრა, ყაზარმულია გამოცხადებული, აქ უნდა ვიყო და ნუ შეგეშინდებათო. თანატოლ ბიჭებთან ერთად რეზერვში გამოგვიძახეს და სენაკის ბაზაზე გადაგვიყვანეს. ეს ჩემმა ძმამ რომ გაიგო, 5 საათზე ისიც შემოგვიერთდა. თურმე, უფროსი არ უშვებდა, აქ მჭირდები, რა მნიშვნელობა აქვს სად იქნებიო, დათას უთქვამს, სადაც ჩემი ძმა იქნება, მეც იქ უნდა ვიყოო. 8 აგვისტოს სენაკის ბაზაზე ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, თქვა, ყველანი აქ ყოფილხართ, მე იქ რა გამაჩერებდაო. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. იარაღები მოგვცეს, განგაში გამოცხადდა, რაც მოგხვდებათ ხელში ჩაიცვითო, შარვალი და ფეხსაცმელი სხვისი მეცვა. მთელი დღის მშიერ-მწყურვალნი ვიყავით, საღამოს 7 საათზე წყალი და საჭმელი მოიტანეს, ცოტა დავნაყრდით, ინფორმაციას რადიოთი ვისმენდით და გორში გადაყვანას ველოდებოდით.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენაკის ბაზა უნდა დაებომბათ, "მარშრუტკები" პალასაზე იდგა და ბრძანება გასცეს, სანგრებში გადაეყვანათ. ჩვენც შევედით, კარგა ხანს ვიყავით იქ, მაგრამ ცაზე არაფერი გამოჩენილა. გვითხრეს, საშიში არაფერია, გამოდითო. მოსაღამოვდა, ჩემგან დათა 2 მეტრის მოშორებით იდგა, ღამის 12 საათი სრულდებოდა, ვიღაც ბიჭი ყვიროდა, შეხედეთ, ცაში რაღაც წითელი შუქურა აინთოო. ეს ყველამ შევნიშნეთ. წამებში ისევ აინთო, ახლა უფრო ახლოს და საშინელი ხმაც გაისმა, მიხვდით იბომბებოდა, სანგარში შესვლას ვერ ვასწრებდით, თვალთახედვიდან ჩემი ძმა დავკარგე, თან შუქები ჩაქრა, ყვირილით მივრბოდი და თან დათას ვეძახდი, ხმა ვერ მივაწვდინე, თურმე ის მე მეძახდა. ეს საშინელი, გამაყრუებელი გრუხუნი მიახლოვდებოდა, ბომბდამშენებიც ძალიან ახლოს დადიოდნენ. ბომბების პირველ ჩამოყრაზე დავიჭერი. ჰაერში მომისროლა და მიწაზე დამანარცხა, გონება არ დამიკარგავს, თავიდან არ მიგრძნია დაჭრა, შემდეგ მთლიანად ჩამწყდა ორგანიზმში ყველაფერი: გული, ფილტვები, ირგვლივ საშინელი დენთის სუნი დადგა, ყველა მხრიდან დაჭრილების განწირული ხმა მესმოდა...
პირველი ფრაზა ბიჭების: კიკალიშვილი მოკვდა, ფოთელი ბიჭი, კიკალიშვილი დაიღუპა. შუქებიც ჩაქრა, უცებ რაღაც განათდა და ვიღაც ჩემ წინ დავარდა. ძალა მეცლებოდა, ყვირილს ვერ ვახერხებდი. მარცხენა მხარეს ხელი რომ მოვიკიდე, მიხვდი, სისხლი მდიოდა. დაბალ ხმაზე შველას მაინც ვითხოვდი, მაგრამ ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. განძრევას ვეღარ ვახერხებდი. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ფაქტია, ამ დროს უცებ, წამიერად, კადრებივით ჩემ თვალწინ, ბავშვობიდან მოყოლებული მთელმა ჩემმა ცხოვრებამ გაიარა. გავიფიქრე, ვკვდები და "მამაო ჩვენოს" მაინც ვიტყვი-მეთქი, ლოცვა დავიწყე. ბოლომდე ვთქვი, პირჯვარიც გადავისახე და სწორედ ამ დროს, ვიღაც ბიჭი მოვიდა, მითხრა, გიშველი, "მარშრუტკაში" ჩაგსვამო. მან დახმარება სცადა. მე საერთოდ ვეღარ ვეხმარებოდი, ვერ ამწია, ჩანთიდან ბინტი ამოიღო და ჭრილობა შემიხვია. ძალა უფრო გამომეცალა. არ დამტოვო-მეთქი, ვეხვეწებოდი და რაც ძალი და ღონე მქონდა, ვექაჩებოდი, ვცდილობდი არ გამეშვა. მეშინოდა, რომ არ დაბრუნებულიყო. გამიშვი, სხვას მოვიყვანო, ბოლოს გავუშვი. 2 წუთში ორნი დაბრუნდნენ, მეორე უკვე ჩემი მეზობელი აღმოჩნდა, მარშუტში ჩამაწვინეს და ასე გამიყვანეს გზის პირამდე, მანქანა გზაში კინაღამ აფეთქდა. ჩემთან ერთად კიდევ ერთი დაჭრილი და გარდაცვლილიც იყო. გზაზე რომ გამიყვანეს, მამას ხმა შემომესმა, დაჩი ხომ არ მოგყავთო. დაჭრილიაო, უთხრეს, მამა გიჟივით მოვარდა. ჰაერი არ მყოფნის, სული მეხუთება-მეთქი. მამამ მარშუტიდან გამომიყვანა, იქვე დაჭრილებით გატენილი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, იქ პატარა ადგილი იპოვა, ჩამტენა და საავადმყოფოში გამაქანეს...
საშინელი ტკივილები მქონდა, ვეღარ ვუძლებდი, სენაკის საავადმყოფოში მამაჩემმა ტანსაცმელი შემომახია და მაშინ ვნახე, ნაწლავები გარეთ რომ მქონდა. ვეხვეწებოდი რამე ეშველა, რადგან ვეღარ ვსუნთქავდი. ფანჯარა გამოაღო, ჰაერი რომ შემოვიდა, წუთიერად სული მოვითქვი... ძლივს გამიყუჩეს ტკივილი. ბიჭები ისეთ მდგომარეობაში შემოჰყავდათ, საკუთარი ტკივილი დამავიწყდა. ზოგს მკერდი ამოგლეჯილი ჰქონდა, ზოგს თვალები ამოთხრილი, ბევრი კიდურების გარეშე იყო. ეს საშინელი წუთები იყო, რომლის გახსენებაც დღემდე მანადგურებს. მერე ჩამეძინა, თვალი რომ გავახილე დედისა და ბებიას ხმა ჩამესმა, ზუგდიდში გადავყავდით, არ მინდოდა გამოყრილი ნაწლავები მეჩვენებინა და ექთანს ვთხოვე, რამე დაეფარებინათ, თან ვყვიროდი, ჩემი ძმისთვის, დათასთვის მიეხედათ...წაიკითხეთ სრულად