ავტორი:

"აცრის დროს გადაღებული ფოტო და ოცამდე ანტისაოკუპაციო პოსტი წამიშალეს" - მამა მაკარს ვაქცინაციის შემდეგ "ფეისბუქი" გაუტეხეს

"აცრის დროს გადაღებული ფოტო და ოცამდე ანტისაოკუპაციო პოსტი წამიშალეს" - მამა მაკარს ვაქცინაციის შემდეგ "ფეისბუქი" გაუტეხეს

"გუშინ მთელი დღე საიტზე ვერ შემოვდიოდი. აღმოჩნდა, ვიღაცას გაუტეხია და ოკუპაციასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა პოსტი და სურათი წაუშლია..." - ამ სტატუსს სოციალურ ქსელში ბაღდათის საკათედრო ტაძრის მოძღვარი მამა მაკარ აბესაძე ავრცელებს...

AMBEBI.GE სასულიერო პირს დაუკავშირდა. როგორც მამა მაკარი ჩვენთან საუბარში ამბობს, "ფეისბუქის" პროფილის გატეხვის შემდეგ, მხოლოდ ვაქცინაციის დროს გადაღებული ფოტო და ანტისაოკუპაციო შინაარსის პოსტებია წაშლილი.

მამა მაკარი:

- "ფეისბუქის" პროფილის გატეხვის შემდეგ, მხოლოდ აცრის დროს გადაღებული სურათი და ასევე ანტისაოკუპაციო პოსტები წამიშალეს. ვაქცინაზე მქონდა კიდევ ერთი სტატია გაზიარებული და ისიც წაშალეს. ანტისაოკუპაციო პოსტები 20-მდე მაინც იყო. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც სურათი გამოვაქვეყნე, მხოლოდ ერთი დღე იყო გასული. ვაქცინაციის დროს გადაღებული სურათის გამოქვეყნების შემდეგ, მხოლოდ ერთი აქტივობა მქონდა კიდევ, პროფილის ფოტოზე ანტისაოკუპაციო ჩარჩო დავაყენე, სადაც ინგლისურ ენაზე ეწერა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. როდესაც სტატუსი დავწერე, რომ ვაქცინაციის დროს გადაღებული სურათი წამიშალეს, კომენტარებში მიწერდნენ, რომ თავიდან გამომექვეყნებინა. სამწუხაროდ, როდესაც გადავიღე, გამოვაქვეყნე და შემდეგ წავშალე, არ შემინახია.

- მამაო, რომელი ვაქცინით აიცერით. სასულიერო პირების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ვაქცინაციას... მარტივად მიიღეთ გადაწყვეტილება?

- მე ჩინური ვაქცინა გავიკეთე. პირველი დოზა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ „ფაიზერი“ იქნებოდა. უნდა გამეკეთებინა თუ არა ვაქცინა, ამაზე ფიქრი არ დამჭირვებია. ვინც ფიქრობს, რომ ვაქცინამ შეიძლება ადამიანის აზროვნებაზე მოახდინოს გავლენა, ეს არის ერესი (რწმენის ერთ ან რამდენიმე ჭეშმარიტებაზე უარის თქმა ან მათში ჯიუტად დაეჭვება). ადამიანის აზროვნებაზე და თავისუფალ ნებაზე გავლენას ვერაფერი ახდენს.

- წირვის დროს თუ მოუწოდებთ მრევლს რომ აიცრან?

- წირვის დროს ქადაგება უფრო სულიერ ზრდას უნდა ემსახურებოდეს და არა ასეთ საკითხებს. სულიერად თუ გაიზრდება ადამიანი, თავად წყვეტს, ამ დროს როგორ მოიქცეს. მრევლი მომმართავს ხოლმე კითხვით, აიცრან თუ არა თავად. მე ვეუბნები - მე გავიკეთე ვაქცინა. მე მგონი რაიონებში უფრო ნაკლები პრობლემაა მაგასთან დაკავშირებით, ვიდრე დიდ ქალაქებში.