ავტორი:

"საქართველოში ყველა თანაუგრძნობს აფხაზეთს. ყველა ქართულ რესტორანში აფხაზურ სიმღერებს უკრავენ" -  "აფხაზეთის ეროვნული გმირის" ქართული არჩევანი"

"საქართველოში ყველა თანაუგრძნობს აფხაზეთს. ყველა ქართულ რესტორანში აფხაზურ სიმღერებს უკრავენ" -  "აფხაზეთის ეროვნული გმირის" ქართული არჩევანი"

"იბრაჰიმ იაგანოვის "ქართული არჩევანი" - ასე ეხმაურება აფხაზური მედია რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ ტელევიზიაში, "აფხაზეთის ეროვნული გმირის" ჩართვას, სადაც იაგანოვმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე საკმაოდ თამამად ისაუბრა. იბრაჰიმ იაგანოვს 1992-1993 წლებში აფხაზეთში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის მინიჭებული აქვს "აფხაზეთის ეროვნული გმირის" წოდება. მან აფხაზური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "აფხაზეთი თავისუფალი არ არის და იქ კანონი არ არსებობს."

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა "დაალაგა საქართველო და კანონი უმაღლეს დონეზეა, რასაც აფხაზეთმა 30 წელია ვერ მიაღწია."

არსებული ინფორმაციით, იაგანოვს ახლო კავშირები აქვს ქართველებთან. თითქმის ყოველ წელს გადმოდის ქართულ მხარეს.

იაგანოვის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ მედიასა და ინტერნეტმომხმარებლებში. ნაწილმა ის მწავედ გააკრიტიკა, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მის პოზიციას ამართლებს.

  • რა თქვა იბრაჰიმ იაგანოვმა?

გადაცემაში ყაბარდოელი იაგანოვი ამბობს, მას აფხაზური ფესვები აქვს და ყაბარდოში ცხოვრობს, ამიტომ წარსულში, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები მის ღირსებას ეხებოდა. "აქ ხშირად გვეუბნებიან, მადლობა, რომ დაგვეხმარეთო, რაც არაკორექტული მგონია, ჩვენ მხოლოდ აფხაზების დახმარება, ან მათი გადარჩენისთვის ბრძოლა კი არ გვსურდა, ჩვენი სიამაყისა და ღირსებისთვისაც ვიბრძოდით. ვიღაცები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე უარვყოფ ჩემს წარსულს, რაც პროვოკაციაა. ის წლები ჩემი ახალგაზრდობაა და ვფიქრობ, ჩემი შვილები ამით იამაყებენ.

თუმცა, წინ უნდა ვიაროთ. მაშინდელი, შევარდნაძის საქართველო და დღევანდელი - სრულიად განსხვავებულია. იქ არაერთ პარლამენტარს, მინისტრს, ხალხს ვესაუბრე, შევხვდი სააკაშვილს. ყველა ძალიან თანაუგრძნობს აფხაზეთს. ყველა ქართულ რესტორანში აფხაზურ სიმღერებს უკრავენ. მე, როგორც მოხალისეს, ომის მონაწილეს, საქართველოში პარლამენტში მაინც დამელაპარაკებიან და ადამიანურად მიმიღებენ. ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკა ნორმალურია, ჩვენც უნდა ვეცადოთ ანალოგიურად მოვიქცეთ.

საქართველოში კანონი მოქმედებს, სააკაშვილს მხოლოდ ეკონომიკური რეფორმები კი არ ჩაუტარება, ხალხი დამშვიდდა, თავიანთი ცხოვრება აქვთ. იქ ვხედავ არაერთ ინტერესს და პერსპექტივას, მხოლოდ აქაური ხალხისთვის კი არა, ჩემთვისაც," - განაცხადა მან გადაცემა Аргама плюс -ში, წამყვან ირინა აგრბასთან საუბრისას.

იაგანოვი სააკაშვილთან ერთად. წყარო

  • გადაცემის წამყვანი, ირინა აგრბა, სტუმრის პოზიციის ფონზე, რომელიც ქართულ მხარესთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობდა, რუსეთის თემის, მისი მხარდაჭერის წარმოჩენას ცდილობდა, რაზეც ყაბარდოელმა უასუხა, რომ აფხაზეთი სინამდვილეში დამოუკიდებელი არ არის.

გადაცემას ასევე ესწრებოდა პოლიტიკოსი ასლან კობახიაც, რომელიც იაგანოვის პოზიციამ ძალიან გააღიზიანა. მისი თქმით, ყაბარდოელი ცდილობდა ყველაფრის მუქ ფერებში წარმოჩენას.

"ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა უკვე სამ ათეულ წელს ითვლის. ვის ეგონა 90-იან წლებში, რომ რუსეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?! როგორც არ უნდა ვჩხუბობდეთ, ვშიმშილობდეთ, ჩვენ უკვე შევდექით როგორც სახელმწიფო. გალის რაიონში ბოლო 15 წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი დავკარგეთ, მილიცია იყო, თუ რეზერვისტი, ასევე სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, მაგრამ, მყარად ვიდექით და ერთი ნაბიჯითაც არ დაგვიხევია უკან. ომი ერთი წელი და ორი თვე კი არა, 15 წელი გრძელდებოდა და მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც 2008 წელს, რუსეთმა გვაღიარა...", - განაცხადა კობახიამ.

იბრაჰიმ იაგანოვი წარსულში

გამოცემა ekhokavkaza.com-ის ცნობით, აფხაზი ჟურნალისტი, ვიტალი შარია ამბობს, რომ გადაცემაში იაგანოვი საქართველოს მაგალითებზე ჰყვებოდა, რომელიც მისი თქმით, "დემოკრატიული სახელმწიფოა", რასაც აფხაზური საზოგადოების ნაწილში გაღიზიანება მოჰყვა.

იაგანოვის პოზიციას გამოეხმაურა ბლოგერი რამილ აჟიბა, რომლის მოსაზრებითაც, გადაცემაში "კობახია და აგრბა მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ." რაც შეეხება იბრაგიმს, მისი აზრით, კობახიამ სწორად შენიშნა, რომ ის აფხაზეთის ისტორიაში გმირად დარჩება. "მადლობა მათ ყველაფრისთვის...", - წერს აჟიბა.

  • "ეტყობა, იაგანოვს ქართველებმა საინტერესო ბიზნესწინადადება შესთავაზეს და მანაც, სცადა, რა აქვს დასაკარგი?! თქვენ გგონიათ, მას მომხრეები არ ჰყავს?! არც იფიქროთ, უბრალოდ, მისგან განსხვავებით, ხმამაღლა საუბარს ჯერჯერობით ვერ ბედავენ, მაგრამ თუ არაფერი შეიცვლება, ისინიც გამოჩნდებიან ჰორიზონტზე. თან ისინი ჩრდილო კავკასიელები არა, აფხაზები იქნებიან, აქაურები, რომელთა თვალწინაც გაიარა იმ ყველაფერმა...", - წერს თენგიზ დბარი.

"სიმართლე ასეთია, სხვა მოლოდინი ჰქონდათ, აფხაზეთი ისეთი არ არის, როგორიც მათ სურდათ, მათ შორის ჩვენც, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც ჩვენი სამშობლოა. ისინი კი ღიზიანდებიან, აბა რისთვის იომეს სხვის ომში?.. ჰოდა, ბატონებო, ვინც თავის დროზე დაგვეხმარა, მეოთხე კოლონად არ გვექცეს..." - წერს ინესა ვაინარი.

"ახლა მთავარია პუბლიცისტ დავით დასანიასავით არ მოიქცეს, საქართველოში რომ ომის ვეტერანი სიძე გადაურჩინეს და იქიდან ჩამოსული ეიფორიაში იყო, საქებარი პოსტი მიუძღვნა იქაურ დალაგებულ ყოფას, შეცვლილ ქართველ საზოგადოებას, მაგრამ რამდენიმე დღეში დაიბარეს უშიშროებაში და მომდევნო პოსტში სრულიად შეცვალა პათოსი... თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ ხაჯიმბა იყო პრეზიდენტი, ახლა კი ანვქაბი და ბჟანია არიან, რომელთაც სრულებითაც არ სძულთ ქართველები", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალიას სუხუმსკი.

ცნობისთვის, იაგანოვი 90-იანი წლების ომში ყაბარდოელების მოხალისეთა ბატალიონ "ყაბარდოს" მეთაური იყო. რამდენიმე კონკურსში "კავკასიის გმირის" ნომინაციაზე წარადგინეს. ომამდე, 1986 წელს, მან ბაქოს მილიციის სკოლა დაამთავრა, ყაბარდო-ბალყარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2020 წელს სოხუმის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის "იურისტის სპეციალობა" დაამთავრა.

2009 წელს, მისი თაოსნობით დაფუძნდა მოძრაობა ყაბარდოული საზოგადოება "ხასე", რომელსაც სხვადასხვა სახის პროექტები უნდა განეხორციელებინა, თუმცა, მალევე "ბუტაფორია" უწოდა და ორგანიზაცია დატოვა.