ავტორი:

"აკრძალვის მიუხედავად, აგრძელებდნენ მათ საქმიანობას" - ბოლო 72 საათში 23 ობიექტი დაჯარიმდა, 8 კი დაილუქა

"აკრძალვის მიუხედავად, აგრძელებდნენ მათ საქმიანობას" - ბოლო 72 საათში 23 ობიექტი დაჯარიმდა, 8 კი დაილუქა

ბოლო 72 საათის განმავლობაში, შემოწმებულია რამდენიმე ასეული ობიექტი, რომელთაგან დაჯარიმდა 23 ობიექტი, მათ შორის 11 არის იურიდიული და 12 ფიზიკური პირი, დაილუქა 8 ობიექტი, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბექა ფერაძის თქმით, შრომის ინსპექციამ, მონიტორინგის შედეგად, რამდენიმე დაწესებულება დალუქა, რადგან აკრძალვის მიუხედავად, აგრძელებდნენ მათ საქმიანობას.

მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, მასობრივი ღონისძიებები გააუქმეს.

"ბოლო 72 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ, სხვადასხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად, შემოწმებულია რამდენიმე ასეული ობიექტი, რომელთაგან დაჯარიმდა 23 ობიექტი, მათ შორის 11 არის იურიდიული და 12 ფიზიკური პირი. განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის ისევე, როგორც კრიტიკული შეუსაბამობის დადგენისთვის, დაილუქა 8 ობიექტი.

გარდა იმისა, რომ ჩვენ განვახორციელეთ მკაცრი მონიტორინგი, პრევენციულად შევხვდით სხვადასხვა ღამის კლუბებს, მათთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია, მოწოდება, გაფრთხილება, რის შემდგომაც, ბევრმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ის მასობრივი ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილი იყო და საფრთხეს უქმნიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ისევე როგორც ეკონომიკურ მდგრადობას. ბევრმა მათგანმა უკვე გააკეთა განაცხადი, რომ აუქმებდნენ ღონისძიებას და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს ასეთი ჩართულობისთვის“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.