ავტორი:

დაავადებები, რომლითაც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება

დაავადებები, რომლითაც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ყველაზე მეტი 22, 126 გარდაცვალების ფაქტი სისხლის მიმოქცევის სისტემების ავადმყოფობების გამო დადგა, შემდეგ მოდის სიმსივნური დაავადებები 8, 089 ლეტალური შედეგით, ხოლო მესამე ადგილზეა სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები 4, 017 გარდაცვალებით.

პანდემიის დაწყებამდე, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში სიკვდილიანობის ტვირთი არაგადამდებ დაავადებებზე მოდიოდა. საინტერესოა, საბოლოო კვლევები რა სურათს მოგვცემს, თუმცა COVID-19-ის მიუხედავად, ყურადღების მიღმა ისევ არ უნდა დაგვრჩეს კრიტიკული დაავადებები, რომელთაგან განკურნებაც დროული ჩარევის შემთხვევაში, შესაძლებელია.

განვიხილოთ პირველი ორი ყველაზე გავრცელებული კრიტიკული დაავადება და მათი შეძლებისდაგვარად პრევენციის გზები.

ინსულტი გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, ისევე როგორც გულის ინფარქტი. ასევე, გულსისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანების დიდ ნაწილს ესაჭიროება კორონარული არტერიების შუნტირება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რის შედეგადაც ტვინის ქსოვილი ზიანდება. არსებობს მისი ორი ფორმა: იშემიური (არტერიის თრომბით დახშობა) და ჰემორაგიული (სისხლჩაქცევა ტვინში) ინსულტი. ინსულტის დროს ყოველ ერთ წუთში 2 მილიონი ნეირონი იღუპება, რაც ტვინის სამუდამო დაზიანების, ფიზიკური და გონებრივი უნარების შეზღუდვისა და სიკვდილის რისკს ზრდის. ამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: სისუსტე კიდურებში, ასიმეტრიული სახე და მეტყველების დარღვევა.

რაც შეეხება ინფარქტს, იგივე გულის შეტევას, ის მწვავე კორონარული სინდრომის ყველაზე მძიმე ფორმაა, რა დროსაც გულის კუნთის შეუქცევადი ნეკროზი ანუ კვდომა ვითარდება. ის შეიძლება კორონარული არტერიების დაავადებების მქონე პაციენტში ნებისმიერ დროს გამოვლინდეს. გულის შეტევას ახასიათებს ძლიერი, მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან, მარცხენა ბეჭში, მკლავსა და ყბაში. მისი ინტენსივობა მკვეთრად მატულობს და საჭიროა სწრაფად რეაგირება.

რეალურად, გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია შესაძლებელია, რადგან მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ის ადამიანები, ვინც მოიხმარენ თამბაქოსა და ალკოჰოლს, აქვთ ჭარბი წონა და მუდმივად მჯდომარე ცხოვრების წესი. მეტი ფიზიკური დატვირთვა, ჯანსაღად და დაბალანსებულად კვება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა დაავადებების რისკს მაქსიმალურად ამცირებს.

პრევენციასთან დაკავშირებით იგივე შეიძლება ითქვას სიმსივნურ დაავადებებზეც: დაბინძურებული გარემო, დაუბალანსებელი კვება და არაჯანსაღი ცხოვრების წესი შეიძლება, მთელი რიგი კრიტიკული დაავადებების მაპროვოცირებელი გახდეს. გარდა იმისა, რომ უფრო ჯანსაღ ცხოვრების წესზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, სასურველია, ჯანმრთელობის მდგომარეობა წელიწადში ორჯერ მაინც გადავამოწმოთ, რადგან ნებისმიერი პრობლემის საწყის ეტაპზე აღმოჩენა მის აღმოფხვრას მნიშვნელოვნად ამარტივებს. განსაკუთრებით სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში პათოლოგიის ნაადრევ ეტაპზე გამოვლენა მნიშვნელოვნად ზრდის სრულად განკურნების შანსებს. შესაბამისად, სასურველია, საკუთარი ჯანმრთელობის გადამოწმების კულტურა უფრო მეტად დავნერგოთ.

აღსანიშნავია, რომ გენეტიკა როგორც გულსისხლძარღვთა, ისე სიმსივნური დაავადებების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს, ამიტომ პრევენციული ზომების მიღება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

ჩამოთვლილი არაგადამდები კრიტიკული დაავადებების მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მოსახლეობამ მათი ჯანმრთელობის დაზღვევაში გათვალისწინება დაიწყო. მთავარი მიზეზი არის ის, რომ აღნიშნული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, რა სტადიაზეც არ უნდა იყოს ის, თითქმის სრულად შეგიძლია დაიფინანსო მკურნალობა და დაუბრუნდე ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ამიტომ ადამიანებს უღირთ უკეთეს მომავალში გარკვეული თანხის ინვესტირება. კრიტიკული დაავადებების დაზღვევას უკვე საქართველოშიც ბევრი მიმართავს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული სერვისი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდა.

დაბოლოს, როგორც გულსისხლძართვთა, ისე სიმსივნური და სხვა კრიტიკული დაავადებების პროვოცირება სტრესთან არის დაკავშირებული, ამიტომ სასურველია, შეძლებისდაგვარად პოზიტიურად მივუდგეთ ცხოვრებას და ნაკლებადმნიშვნელოვან და ნეგატიურ საგნებსა და მოვლენებს დიდი ყურადღება არ დავუთმოთ.