"არ გამოვრიცხავ, მიშას ბიძინა აფინანსებდეს", - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, "გირჩის" წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს.
როგორც ხვიჩია განმარტავს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით მას შთაბეჭდილება რჩება, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებით მოქმედებს და ოპოზიცია ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.
"რასაც ოპოზიციის მოქმედებებს ვაკვირდები, შთაბეჭდილება მრჩება, რომ არჩევნების მოგება არ უნდათ. საარჩევნო ბანერებზე ორი ნომრის მიწერაც მგონი ამის გაგრძელებაა, რომ ამომრჩეველს შეეშალოს, არჩევნებზე ორივე შემოხაზოს და ბიულეტენი გაბათილდეს.
მივედი დასკვნამდე, რომ მართალია ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციას მოგება არ უნდა! არ გამოვრიცხავ, ვინმე არჩევნებში გასამარჯვებლად კი არ ემზადებოდეს, არამედ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. ისევე როგორც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი "ნაციონალურ მოძრაობასა“ და "ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებული თამაში იყოს. არ გამოვრიცხავ მიშას ბიძინა აფინანსებდეს - შესაბამისად, იქცევიან ასე უცნაურად", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.