„ეს ინიციატივა ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო. მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმისათვის, რომ აფასებენ სპორტსმენებს, - ამის შესახებ ტოკიოს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მოჭიდავე ლაშა ბექაურმა ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გამართული ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს ინიციატივა, რომ ვერცხლის მედალოსნები 500 000, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები 250 000 ლარით დაჯილდოვდებიან, სპორტსმენებისათვის დიდი მოტივაციაა.
,,ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ ბევრი მედალი მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს. ოქროს მედლის მოგება ტრავმასთან ერთად გამიჭირდა, რადგან ოლიმპიადა იყო, მაგრამ მოგების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ეს ტრავმა თითქმის ვერ ვიგრძენი”, - აღნიშნა ლაშა ბექაურმა.
როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები - 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა. საქართველომ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური (ძიუდო) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) გახდნენ, ვერცხლის მედლები - ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედალს ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) დაეუფლა.