რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა მარი ჩიტაიამ უმძიმესი ამბის შესახებ დაწერა - კორონავირუსმა ძმები - ზურა და დათო გამყრელიძეები იმსხვერპლა, დედა კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი კლინიკაში განაგრძობდა მკურნალობას.
მაია ჩიტაიას გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კორონავირუსს ემსხვერპლა გარდაცვლილი ძმების დედაც:
"დედაც წავიდა!.. სულ ცოტა ხნის წინ ვწერდი: "როცა დედა თვალს გაახელს, შვილებს მოიკითხავს"!.. არ მოხდა ასე! დათოს და ზურას შეუერთდა მარადისობაში. სიტყვები უძლურია, ემოციებისგან დავიცალეთ ყველა, ვინც ბოლო სამი კვირის განმავლობაში ამ სტრესს გავდივართ - კოვიდთან ბრძოლის სიკვდილ-სიცოცხლის სტრესს!
დაიმსხვრა ლამაზი ოჯახი თავისი ბიოგრაფიით, რომელიც შეიძლება გარედან ჩვეულებრივი ჩანს, მაგრამ შიგნით, ახლობელთა და ოჯახის წევრებისთვის ბედნიერებას ასხივებდა: ზურა და დათო, უმამოდ გაზრდილები, საოცრად კარგი დედის ასევე გამორჩეული შვილები! ზურა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო, ნიჭიერი, ღრმა და სუფთა, კარგი ძმა და მეგობარი, ყველას გვერდში მდგომი, როგორსაც ისურვებდით მეგობრად, ნათესავად ან უბრალოდ, ნაცნობად! ასეთივე იყო დათოც, ზუსტად ასეთი - ერთგული და უღალატო ბიჭი...
მადლობა თქვენ, ბიჭებო, ამ სიკარგისთვის, დაგვიანებული მადლობა! ასეთი რამ იშვიათად ხდება: ერთმანეთი გაიტანეს ცხოვრებაში და სიკვდილშიც კი!.. კარგი ქართველები დავკარგეთ!დედა-შვილების ერთად დასაფლავებაც ვერ მოხერხდა, სასაფლაო გადავსებულია ახალი მიცვალებულებით, ამიტომ ახლობლები იძულებული გახდნენ, დედის საფლავი შვილებისგან მოშორებით გაეჭრათ! კიდევ ერთი სტრესი! ამ ტრაგედიის მიღმა არის უფროსი ძმა სოსო, საყრდენგამოცლილი და მხრებჩამოყრილი - მოულოდნელად დედის და ძმების გარეშე დარჩენილი.
არყოფნამ გამყრელიძეების ოჯახში დიდი შავი წერტილი დასვა, სახელად "კოვიდი"! ასეთ ფონზე აზრს კარგავს მოწოდება, რომ ავიცრათ, ეს უკვე ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობით შეიძლება გავწიროთ თავი, ოჯახის წევრი, მეგობარი, ნაცნობი და შესაძლოა, სრულიად უცნობი ადამიანიც კი, რადგან არ ვიცით, ვის რა ბრძოლა გველის გადარჩენისთვის, ვის გაუმართლებს, ვის - ვეღარ!.."