ავტორი:

"მერჩივნა, სილადისთან ის შეხვედრა ალალად წამეგო, გული მაინც არ დამწყდებოდა" - რას ამბობს ოლიმპიელი სანდრო ბაზაძე მსაჯების მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებაზე

"მერჩივნა, სილადისთან ის შეხვედრა ალალად წამეგო, გული მაინც არ დამწყდებოდა" - რას ამბობს ოლიმპიელი სანდრო ბაზაძე მსაჯების მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებაზე

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები ისტორიის კუთვნილება გახდა. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ სამშობლოში სხვადასხვა სინჯის 8 მედალი ჩამოიტანა. ობიექტური მსაჯობის შემთხვევაში, ჯილდოთა რაოდენობა, შესაძლოა, ბევრად მეტი ყოფილიყო.

უპირველესად, მოხმალავე სანდრო ბაზაძესთან დაკავშირებულ შემთხვევას ვგულისხმობთ - 28 წლის ქართველმა მოფარიკავემ ოსტატობით ყველა მოხიბლა, მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგით პირველ ადგილზე მყოფი, მსოფლიოს და აზიის ოთხ-ოთხგზის ჩემპიონი ო სანგ-უკი (კორეა) დაამარცხა 15:13 და ნახევარფინალში გავიდა.

აქ სანდროს 31 წლის არონ სილადი (უნგრეთი) დაუპირისპირდა. უნგრელი მანამდე ორგზის (2012, 2016) ოლიმპიური ჩემპიონი იყო. 2007 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატების ერთი ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, 3-3 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული...

როცა ანგარიში 13:13 გახდა, ყველამ ნათლად დაინახა (ყოველ შემთხვევაში, ვისაც უნდოდა, რომ დაენახა), რომ მე-14 ჩხვლეტა სანდრომ მიაყენა მეტოქეს, ქულა კი უნგრელს ჩაუთვალეს. ქართველის პროტესტის მიუხედავად, მსაჯებმა შედეგი უცვლელი დატოვეს. ალბათ, ამიტომაც ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ოთარ ტატიშვილმა სამართლიანად იხუმრა, - კარდინალი რიშელიე არ მოქცევია დ'არტანიანს ისე უსამართლოდ, როგორც ტოკიოში სანდროს მსაჯები მოექცნენო...

  • "ყველაფერს ვიტანდი, რომ ოცნება ამესრულებინა და სამშობლო მესახელებინა... სამწუხაროდ, მსაჯებმა ამის საშუალება არ მომცეს"

"მერჩივნა, სილადისთან ის შეხვედრა ალალად წამეგო, გული მაინც არ დამწყდებოდა. თვეების განმავლობაში მონდომებით ვემზადებოდი ოჯახს მოწყვეტილი - დატოვებული მყავდა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, მაგრამ ყველაფერს ვიტანდი, რომ ოცნება ამესრულებინა და სამშობლო მესახელებინა...

სამწუხაროდ, მსაჯებმა ამის საშუალება არ მომცეს. ძალიან გამიკვირდა, ნახევარფინალური ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ არონი ჩემთან რომ მოვიდა და მობოდიშების ტონით მითხრა - ძალიან გთხოვ, უმედლოდ არ დარჩეო. ეს, ფაქტობრივად, აღიარება იყო. არადა, ძალიან მედიდური ბიჭია, ზოგ სპორტსმენს "გამარჯობის" ღირსადაც არ მიიჩნევს...

ალბათ, ამიტომაც მას, უბრალოდ, ზედმეტმა ქედმაღლობამ არ მისცა საშუალება, ორთაბრძოლისას ეღიარებინა სიმართლე... რაც მოხდა, მოხდა. მადლობა სრულიად საქართველოს, ჩემს ერთგულ გულშემატკივრებს, რომელთა ქომაგობამ და გამხნევებამ ძალა და ენერგია შემინარჩუნა, დანებებას არ ვაპირებ. ახლა ცოტა ხანს ოჯახთან ერთად დავისვენებ და ვარჯიშს განვაახლებ, რადგან ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატია და იქ მინდა ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები", - გვითხრა ტოკიოდან დაბრუნებულმა სანდრო ბაზაძემ. გააგრძელეთ კითხვა