ძალიან სამწუხაროა, პანდემიიდან წელიწადნახევრის შემდგომ, საველე ჰოსპიტლების გაშლა რომ გვჭირდება, - ამის შესახებ ალერგოლოგ - იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საველე ჰოსპიტლები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მინიმალური დახმარება სჭირდებათ, თუმცა მათი სახლში დარჩენა საშიშია.
კულუმბეგოვი იმედოვნებს, რომ საველე ჰოსპიტლების გამოყენება ქვეყანას არ დასჭირდება.
ამასთან ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, რეგულაციების გაქუმება არასწორ დროს მოხდა, მაშინ, როდესაც ქვეყანას „დელტა“ შტამი უტევდა და ვაქცინაციის მაჩვენებელი 3 პროცენტი იყო.
„საველე ჰოსპიტალების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაავადებული ადამინების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს შორის დისბალანსი ხდება. არავინ იფიქროს, რომ საველე ჰოსპიტალში მძიმე პაციენტს მოათავსებენ, ეს არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის განკუთვნილი, რომლებსაც მინიმალური დახმარება სჭირდებათ, ოღონდ მათი მოთავსება და სახლში დარჩენა საშიშია, ანუ ჟანგბადის მიწოდება სჭირდებათ - საველე ჰოსპიტალი საერთოდ ამას ემსახურება და ეს არის ერთადერთი გამოსავალი.
ძალიან სამწუხაროა, პანდემიდან წელიწადნახევრის შემდგომ, რომ გვჭირდება ამ ტიპის ჰოსპიტლების გაშლა. დერეგულაციის განხორციელება არასწორ დროს და არასწორ ადგილას მოხდა. როცა ვირუსის „დელტა“ ვარიანტი გვიტევდა და მეორეს მხრივ ვაქცინაციის მაჩვენებელი 2-3% იყო, მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოში არ მომხადარა. 30% მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ დერეგულაცია და სრული ლიბერალიზაცია გამოაცხადო. ძალიანც ცუდია ის რაც მოხდა, მაგრამ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, ჯერჯერობით საველე ჰოსპიტალის მოწყობა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სახლში ვერ დავტოვებთ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს. იმედია არ დაგვჭირდება საველე ჰოსპიტალი. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იყო მზაობისთის საველე ჰოსპიტალი, ბრიტანეთიდან დაწყებული ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ბევრ ქვეყანას არ დასჭირდა და ჩვენ ვისურვოთ, რომ პირბადე და ვაქცინა გავიკეთოთ, ამ ზომამდე არ მივიყვანოთ ჩვენი სიცოცხლე და ავიღოთ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.