ავტორი:

აუცრელი ადამიანების ტესტირების საფასურს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს, გარკვეულ დაწესებულებებში შესაძლოა მხოლოდ ვაქცინირებულები დაუშვან - გამყრელიძე დაგეგმილ ღონისძიებებზე

აუცრელი ადამიანების ტესტირების საფასურს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს, გარკვეულ დაწესებულებებში შესაძლოა მხოლოდ ვაქცინირებულები დაუშვან - გამყრელიძე დაგეგმილ ღონისძიებებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი მაისში არსებულ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია და ჯანდაცვის სისტემა „დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს“.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში რთული და დაძაბული ეპიდსიტუაციაა, ისევე როგორც გლობალურად, ევროპის ქვეყნებში.

„ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელი, როგორიც არის ინციდენტობა, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით 3-ჯერ მეტია, ვიდრე გვქონდა მაისის ტალღის პიკზე, 17 მაისს და დაახლოებით 97%-ია იმისა, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკზე. აქტიური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 50 ათას გადასცილდა. საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ჯანდაცვის სისტემა მუშაობს დაძაბულობის ზღვარზე, საჭიროა სულ უფრო მეტი აქტიურობა ორი მიმართულებით. ესენია - რეკომენდაციების დაცვა, დაემატა პირბადის ტარების სავალდებულოობა გარე სივრცეში, ყველგან, გარდა იმისა, თუ ვარჯიშობთ კუს ტბაზე ან ლისის ტბაზე. ასეთ შემთხვევაში არავინ მოგთხოვთ პირბადის ტარებას, თუ მარტო ბრძანდებით. განსაკუთებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებში და სამასპინძლო დაწესებულებებში. აქაც რეკომენდაციაა, რომ უფრო მეტად გამოყენებული იყოს გარე სივრცეები. მეორე მთავარი მიმართულება არის კიდევ უფრო მეტი აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს ახალი წინადადება შესთავაზა - აუცრელი ადამიანების ტესტირების საფასურს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.

გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ იტესტებიან არ აიცრებიან, მათთვის ტესტის ჩატარება ფასიანი გახდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივის ძალაში შესვლა 15 სექტემბრისთვის იგეგმება.

„მოგეხსენებათ, ტესტირება პანდემიის მართვის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია და მასში სახელმწიფო დიდ ფულს ხარჯავს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ტესტის დღიური საშუალო მაჩვენებელი 38 ათასი გვაქვს. 15 სექტემბრიდან ვფიქრობთ, რომ ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, იმ შემთხვევაში თუ არ იქნებიან ორჯერ ვაქცინირებულები, სახელმწიფოს დაფინანსებით აღარ გაიტესტებიან. ისინი კვლავ ვალდებულები იქნებიან ტესტი ჩაიტარონ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ორჯერ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს, მაგრამ თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები ორჯერ, მაშინ ან დამსაქმებელმა ან თავად უნდა გადაიხადონ ტესტის საფასური. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მათ უფასოდ მიაწოდონ ვაქცინა. კეთილი ინებონ და აიცრან! დადგება საკითხი, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს ან დამსაქმებლის ან თავად ამ პიროვნების პირადი ხარჯით. ეს წინადადებაც დაყენებულია. ეს ჯგუფებია: ექიმები, თუმცა, რადგან წინა ხაზია, მათთვის ალბათ გამონაკლისიც იქნება. ასევე, მოლებსა და მაღაზიებში დასაქმებულები, პედაგოგები, პოლიციელები და ა.შ.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სექტემბრიდან ასევე განიხილება ინიციატივა გარკვეულ საჯარო და დიდ დაწესებულებებში მხოლოდ ან ვაქცინირებული ან წინასწარ ტესტირებული მოქალაქეების შეშვების.

„ეს არ არის ჩვენ მიერ გამოგონილი ველოსიპედი, ვეცნობით საერთაშორისო გამოცდილებას. ეს რეკომენდაციაც მიღებულია მთელ მსოფლიოში, რომ სხვადასხვა საჯარო, კერძო, დიდ დაწესებულებებში, შედიხარ მხოლოდ ორჯერ აცრილის სტატუსით, ან 24 საათიანი ანტიგენით ან 72 საათიანი პსრ-ით, ან თუ გადატანილი გაქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდი. ეს წინა საბჭოზეც დავაყენეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს საკითხი სექტემბრისთვის განვიხილოთ. ხალხი ხომ უნდა მოემზადოს?! ჩვენ რომ დავადგინოთ, რომ ხვალიდან შევიდეს ძალაში, არ ვიქნებით მთლად მართლები, ამიტომ ვაცხადებთ, რომ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა წახალისება, მარათონები და ღონისძიებები იგეგმება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აცრების დღიური მაჩვენებელი 23 ათასზე მეტია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„ყველაზე მეტი ადმინისტრირებულია პირველი დოზისთვის „ფაიზერი“, შემდეგ „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ და შემდეგ „სინოვაკი“. დღეს ოთხივე ვაქცინის ადმინისტრირება მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მუშაობს 195 სამედიცინო დაწესებულებაში 395 სრული ბრიგადით. აქტიურად გაიხსნა დიდი ამცრელი სივრცეები, დაემატა სამედიცინო უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, ტექნიკური უნივერსიტეტის, „ჰუალინგის“ ამცრელი სივრცე გაფრთოვდა და ა.შ. ახლა ჩამოყალიბების პროცესშია ქუთაისის, რუსთავის და ზესტაფონის ამცრელი სივრცეები. ასევე ზუგდიდში მუშაობენ დამოუკიდებელ ამცრელ სივრცეზე. დღევანდელი ჩვენი აცრების გამტარიანობა არის 28 ათასი. ყველაზე მეტი აცრა გვქონდა 13 აგვისტოს 26524 ერთ დღეში. 24 სთ-ში არის 5083 აცრა. აგვისტოში ჩვენ გვაქვს აცრების საშუალო მაჩვენებელი 21 ათასი. 3-ჯერ მეტი, რაც ივლისში აცრების დღიური რაოდენობა გვქონდა. ბოლო ერთი კვირის მაჩვენებელი გახლავთ 23 ათასზე ცოტა მეტი, მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს. გვინდა, რომ დღიურად 30 ათასზე და მეტ მაჩვენებელზე ავიდეთ. ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს, მარათონებს, წახალისებებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.