საჩხერის ცენტრიდან ლაშა ტალახაძის სახლამდე იმხელა გზაა, რომ ლაშას ყველა მიღწევასაც გაიხსენებ და მის მომავალ წარმატებებზეც იფიქრებ. რატომ უნდა იფიქრო ამ ბიჭზე ამდენი? იმიტომ, რომ ამ დაძაბულ ვითარებაში სიამაყით სწორედ მან აგვავსო და აგვაცრემლა. საჩხერეშიც ამიტომ წავედი, ოღონდ მის გარეშე და იმის სანახავად, როგორ გარემოში იზრდებიან ქვეყნის ღირსეული შვილები. მივდიოდი კოხტად ჩამწკრივებულ იმერულ სახლებს შორის, სადაც მეზობლების ზიარი ჭიშკრები არასოდეს იხურება, ლაშას ასპარეზობის წინაღამეს კი მის მშობლებთან ერთად მეზობლებიც ფხიზლობენ.
ისინი მოგიყვებიან იმ ბნელ 90-იან წლებზე, როცა ლაშას მამა კობა, უფროსი ძმა გიორგი და თვითონ ლაშა ყოველდღე დადიოდნენ დანგრეულ დარბაზში სავარჯიშოდ. აბა, გამოიცანით, რას ეძახდნენ ამ სამს? - დათვსა და მის ბელებს. ლაშას ხანდახან რუტინული ვარჯიში ეზარებოდა და მამის ხელიდან დასხლტომას სხვადასხვა მიზეზით ცდილობდა, მაგრამ მამა არ ტყუვდებოდა. ის ლაშასა და სხვა ბავშვებისთვის მკაცრი მწვრთნელი იყო, საჩხერელებისთვის - ღირსეული კაცი, სპორტისთვის კი - დაკარგული სახელი. საჩხერეში ყველამ იცის, რომ ევროპის მრავალგზის პრიზიორმა კობა ტალახაძემ 21 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის ძალოსნების ნაკრების კაპიტნობაზე უარი თქვა, ქუდი დაიხურა და მოსკოვიდან 90-იანი წლების გაყინულ და ბნელ საჩხერეში დაბრუნდა, სადაც უფრო ღირსეული საქმე გამოუჩნდა - შვილებისა და სხვა ბავშვების ღირსეულ ქართველებად აღზრდა. კოხტა იმერულ ეზოს მიხედა, სადაც მე ლაშას წარმატებით გულაჩუყებული მეზობლები დამხვდნენ. ლაშას ბაბუის მეგობარმა იგორ მაჭარაშვილმა მითხრა, ლაშას სახელოვანი კაცობა ვუსურვე, რას წარმოვიდგენდი, ღმერთი ასე რომ მომისმენდა და ლაშა პლანეტის ყველაზე ძლიერი კაცი გამოვიდოდაო. მერე კი მე და ლაშას დედა - ჟანა თოდაძე სასაუბროდ დავსხედით და მეტი გავიგე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და საოცრად ნათელი ბიჭის შესახებ.
- სპორტში წარმატება ერთია, ადამიანობა - მეორე. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცისაგან არასოდეს არავის მიმართ სიძულვილი და აგრესია არ გვიგრძნია. მისი ასეთ ადამიანად ჩამოყალიბება როგორ მოახერხეთ?
- სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგონა, 14 წლის თამარი. ყოველთვის ვცდილობდი, სამივე უპირველესად ღვთის, მერე კი საკუთარი ქვეყნისა და ადამიანების სიყვარულით გამეზარდა. მე და ჩემი მეუღლეც ამ პრინციპებით ვართ გაზრდილი. არ მახსოვს, მაგალითად, ბებიაჩემს ოდესმე ვინმე დაეწყევლოს. ამბობდა, რასაც შენთვის არ ისურვებ, ის სხვასაც არ უნდა უსურვოო. მეც ამას ვასწავლიდი შვილებს. თუ ადამიანი ხარ, სამშობლოს სიყვარულიც უნდა შეგეძლოს.
არა მგონია, ლაშამ სამშობლოს გარეშე იცხოვროს. ბევრ მაცდურ წინადადებას სთავაზობენ უცხოეთში, მაგრამ სამშობლო გაგიჟებით უყვარს. იმდენჯერ იმეორებს ხოლმე თავისი საყვარელი მოწამეთელი ბერის, გრიგოლის სიტყვებს, ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელიო, რომ ცხოვრების წესად აქცია.სამეზობლოში ოთხი ეზო ლამის გაერთიანებული გვაქვს და ოთხივე ოჯახის ბავშვები ერთად იზრდებოდნენ. გააგრძელეთ კითხვა