სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. ამ დროისთვის ზურაბ ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.
როგორც ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა, როგორც ზვიადაური, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ. მისივე თქმით, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე საჯარო სივრცეში ღიად საუბარი სწორ პოზიციად არ მიაჩნია.
„ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორ პოზიციად, მაშინ როდესაც მოწმეები სრულად არ არიან გამოკითხულნი საჯარო სივრცეში ღიად საუბარი. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა, ხვალ მოხდება ბრალის წარდგენა, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას“, - აღნიშნა მაგდა კოტრიკაძემ.
ცნობისთვის, წინანდალში სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.
ამასთან, სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯანგირაშვილი დააკავეს.
შეგახსენებთ, წინანდალში სამი ადამიანი 16 აგვისტოს მოკლეს.