ავტორი:

კორონავირუსმა 51 წლის მონაზონი, დედა სოსანა იმსხვერპლა - მონასტერში კარანტინი გამოცხადდა

კორონავირუსმა 51 წლის მონაზონი, დედა სოსანა იმსხვერპლა - მონასტერში კარანტინი გამოცხადდა

17 აგვისტოს, კორონავირუსს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი დედა სოსანა ვასაძე ემსხვერპლა.

მონაზონი 51 წლის გახლდათ და კოვიდის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მისი მდგომარეობის სიმძიმის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

საპატრიარქოს უწყებანი, სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს:

„2021 წლის 17 აგვისტოს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით გარდაიცვალა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი სოსანა (ვასაძე).

მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ სოსანას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი სოსანა.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

შექმნილი მდგომარეობის გამო, სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა. ამ ეტაპზე მრევლისთვის შესვლა აკრძალულია.

საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ბოლო 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსის 5914 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 49 ადამიანი.