„ნიკანორ, ძველი თბილისის სახლები გასამაგრებელია!“, „კახა, რაო ბიძინამ ლაგუნაზე?“ „ნიკანორ, კახას იპოდრომი შენც მოგწონს?“... რამდენიმე დღის წინ თბილისში ამ ფრაზებით ბილბორდები გამოჩნდა და დიდი ინტერესიც გამოიწვია. მათ სოციალური ქსელებიც დაიპყრეს. ბილბორდებზე გამოსახული ფრაზები თან მხიარულია და თან იმ მძიმე და აქტუალურ პრობლემებს ეხება, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ.
ისინი პარტია „მოქალაქეებს“ ეკუთვნის, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მერობის კანდიდატებმა სწორედ ისეთ კონკრეტულ პრობლემებზე მოახდინონ ფოკუსირება, როგორიცაა „ლაგუნა“, ამორტიზებული სახლები, მტკვარში ფეკალიების ჩადინება, გადამხმარი ხეები... მისივე განმარტებით, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის უდიდესი ნაწილის წარმომადგენლები რეფერენდუმზე, ხმების გადანაწილებაზე, ვადამდელ არჩევნებზე და სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბრობენ. „მოქალაქეებმა“ კი გადაწყიტეს, საარჩევნო კამპანია სრულად თბილისელების პრობლემებზე საუბრითა და სხვადასხვა კანდიდატის ყურადღების ამ პრობლემებზე გადატანით ჩაეტარებინათ.
რეალურად, დღეს თბილისს რამდენიმე ძირითადი პრობლემა აქვს, რომელთა გადაჭრის კონკრეტული და ეფექტური გზა არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატებმა მოქალაქეებს უნდა შესთავაზონ. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმაც კარგად გააცნობიერონ ეს საკითხი და მოითხოვონ პოლიტიკური პარტიებისგან, რომ მათთვის აქტუალურ პრობლემებზე დაიწყოს დისკუსიები. მთელი წინასაარჩევნო კამპანია ამ საკითხებს უნდა მიეძღვნას და სწორედ იმ კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი, რომელიც რეალურ გამოსავალს შესთავაზებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაა.
ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც მოქალაქეებს კონკრეტული დაპირება მიეცათ, მაგრამ მათი ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ისე დასრულდა, რომ დაპირება არ შესრულებულა. ერთ-ერთი ასეთი „ლაგუნას“ ტერიტორიის მოწყობაა. თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი დღეს, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელადაა ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ამჟამინდელ მერს „ლაგუნას“ მოწყობის კონკრეტული გეგმა ჰქონდა, რომელიც ინსტალაციის სახით თბილისელებსაც გააცნო, „ლაგუნაზე“ ისევ ბალახი ბიბინებს.
„თბილისელებს არაერთი პრობლემა აქვთ დაგროვებული და მერობის კანდიდატს მათი მოგვარების კონკრეტული ხედვა უნდა ჰქონდეს. ჩვენი კამპანია სწორედ ამ პრობლემებზე აქცენტირებით დავიწყეთ და ამ მიზანს ემსახურება ბანერებიც, რომელიც თბილისში გამოჩნდა. მაგალითად, ძალიან პრობლემატურია ამორტიზებული სახლების გამაგრების საკითხი, რომლის შესახებაც დღეს არავინ ლაპარაკობს. ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც ვადამდელ არჩევენებსა და რეფენედუმზე მსჯელობაზე ცდილობს ყურადღების გადატანას. ამ დროს კი ჩუღურეთის, მთაწმინდის, ვერისა და სოლოლაკის სახლების დიდი ნაწილი დანგრევის პირასაა. არჩევნებში მონაწილე თითოეულ პარტიას ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარების ხედვა უნდა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც აღნიშნული სახლის მფლობელებს საკუთარი ქონების გამაგრება-გარემონტების უფლებას მისცემს. დღევანდელი კანონმდებლობით, ეს დაუშვებელია რადგან თითოეული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მეორე მხრივ, უნდა გამოიყოს ბიუჯეტი, რომელიც ამ შენობების მინიმუმ საძირკვლების გამაგრებას მოხმარდება. ერთ დღესაც შეიძლება ეს შენობები დაინგრეს და მოქალაქეები საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩნენ. ეს კი მნიშვნელოვნად დააზარალებს ტურიზმსაც, რადგან თბილისში ტურისტებს სწორედ სიძველე და ძველი სახლები ხიბლავთ. ეს არის ერთი კონკრეტული პრობლემა, თუმცა დღეს ასეთი არაერთია. მათზეც უნდა ვიფიქროთ და მოვაგვაროთ,“ – განმარტავს ლევან იოსელიანი.
ანალოგიური მიდგომაა საჭირო არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თითოეულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს თავისი ქალაქისა თუ სოფლის პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმა და არა ზოგადი დაპირება. ამ პრობლემებზე აქტიური დისკუსია და მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. მხოლოდ ეს არის კონკრეტული ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის რეალური გზა.