ავტორი:

"მომიწია რეგიონში ყოფნა, არავინ ატარებს პირბადეს, ეწყობოდა ხალხმრავალი ქორწილები თუ იუბილეები... მდგომარეობა ძალიან სერიოზულია" - ცერცვაძე

"მომიწია რეგიონში ყოფნა, არავინ ატარებს პირბადეს, ეწყობოდა ხალხმრავალი ქორწილები თუ იუბილეები... მდგომარეობა ძალიან სერიოზულია" - ცერცვაძე

4 დღის წინ, 14 აგვისტოდან გარკვეული შეზღუდვები შემოვიდა და კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრდა, ეს ღონისძიებები, რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ ეფექტური გამოდგა, რადგან ხალხმრავალი შეხვედრები ისევ გრძელდება, უნიღბოდ სიარული ისევ გრძელდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად ქვეყანაში სრული კონსოლიდაციაა საჭირო და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

"ახალი შემთხვევების კატასტროფული რაოდენობაა იმიტომ, რომ ადამიანები არ იცავდნენ რეგულაციებს. სუსტი იყო კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე და ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო. საუბარია პირბადეების ტარებაზე და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებაზე. არავინ არ იცავდა პირბადეების ტარების წესს. განსაკუთრებით თბილისს გარეთ, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში. მე მომიწია ყოფნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და პრაქტიკულად არ ატარებდა არავინ პირბადეს და ყოველდღე ეწყობოდა ხალხმრავალი ქორწილები თუ ჭირისუფლები, თუ იუბილეები, თუ სხვადასხვა შეხვედრები... ყველაფერმა ამან გამოიწვია კატასტროფული მატება ახალი და აქტიური შემთხვევების.

4 დღის წინ, 14 აგვისტოდან შემოვიდა გარკვეული შეზღუდვები და გამკაცრდა კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე. ვნახოთ, რამდენად ეფექტური გამოდგება ეს ღონისძიებები. მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ ეფექტური გამოდგა, რადგან ხალხმრავალი შეხვედრები ისევ გრძელდება, უნიღბოდ სიარული ისევ გრძელდება. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მაგრამ თვითონ ადამიანებსაც აქვთ პასუხისმგებლობა თავისი ჯანმრთელობის წინაშე, თავისი ახლობლების წინაშე, როცა ხედავ, რომ ასეთი კრიტიკული სიტუაციაა, ყოველდღიურად ხედავ, რომ გარდაცვალება გვაქვს, სამწუხაროდ, 30,40,50... მოსალოდნელი იყო, რომ 80-90 გარდაცვალება გვქონოდა დღეში, მაგრამ საბედნიეროდ არ გვაქვს, თუმცა რაც არის ისიც ბევრია, ამიტომ არ არის იმის დრო, ერთმანეთს გადავაბრალოთ, სახელმწიფომ მოსახლეობას, მოსახლეობამ სახელმწიფოს, უნდა იყოს სრული სოლიდარობა და ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კლინიკური სექტორი კორონავირუსის შემთხვევების ზრდას წარმატებით უმკლავდება და „გასაკვირია ის მდგრადობა, რამხელა მდგრადობაც გამოავლინა ჯანდაცვის სისტემამ“.

„ვითარება ძალიან მძიმეა, ბოლო დღეებში ფიქსირდებოდა 6 000 შემთხვევის ფარგლებში, მდგომარეობა ძალიან სერიოზულია და განსაკუთრებით სერიოზულია იმიტომ, რომ აქტიური შემთხვევები კოვიდინფექციისა არის ძალიან მაღალი, დაახლოებით 58 ათასამდე აქტიური შემთხვევა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრი. კლინიკური სექტორი ჯერჯერობით უმკლავდება. არ მაქვს მხედველობაში ერთეული შემთხვევები, დაგვიანება სასწრაფოსი, ოჯახის ექიმს ვერ უკავშირდებიან, ეს ასეთი გადატვირთვის დროს გარდაუვალია. ჩავარდნა არ ყოფილა. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როცა მძიმე პაციენტს სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია და ვერ გამოიძებნა მისთვის ადგილი, ან სჭირდებოდა ჟანგბადის აპარატი და ასეთი არ იყო. ჟანგბადის აპარატების სერიოზული მარაგია. 750 ჟანგბადის აპარატია მობილიზებული მარტო კოვიდისთვის და დაკავებულია 320. არავითარი დეფიციტი ჯერჯერობით არ შექმნილა. ლიმიტი აქვს შესაძლებლობებს. მათ შორის საწოლფონდის შესაძლებლობებს. 8 ათასი საწოლია დღეს მობილიზებული, რაც საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის წარმოუდგენლად მაღალი რიცხვია. როდესაც გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ გამოიყენა შედარებით მშვიდი პერიოდი და არ მოემზადა სათანადოდ, არ მოახდინა საწოლების მობილიზება, მედიკამენტების , ჟანგბადის აპარატები მობილიზება. ყველაფერი ეს იყო სიცრუე და არაკეთილგანწყობილი ადამიანების ინსინუაციები . სინამდვილეში გასაკვირია ის მდგრადობა, რამხელა მდგრადობაც გამოავლინა ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.