ავღანური ახალი ამბები იმდენია, რომ ყველას ერთბაშად ვერც გაიაზრებ, შესაბამისად, ბლიც-ანალიზი მეორე წუთშივე მოძველდება: სიტუაცია ყოველ წუთში იცვლება, ინფორმაციები წინააღმდეგობრივია და ზოგჯერ არასწორიც.
და მაინც მოკლედ, შევეცადოთ და მიმოვიხილოთ ბოლო მთავარი ამბები:
დავიწყოთ ერთი შეხედვით ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ შორს მიმავალი ნეგატიური შედეგების მქონე მოვლენით - კორონავირუსული სიტუაციით ავღანეთში: ალბათ, არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ამგვარი განუკითხაობისა და ქაოსის დროს ავღანეთში ვაქცინაციისათვის არავის სცხელა, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სიტუაცია უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას. 17 აგვისტოს ეს საკითხი გაეროში განიხილეს: როგორც ჯანმო - ს წარმომადგენელმა ტარინ იასარევიჩმა განაცხადა, ავღანეთში ვაქცინაციის პროცესი ჩაშლილია და მისი განახლება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. რაც შეეხება ქაბულს, მილიონობით უპირბადო ლტოლვილის ერთად ყოფნა ქუჩებში, განსაკუთრებით აეროპორტში, კორონას აფეთქების კერას ქმნის. თანაც, მედიკამენტებისა და ვაქცინის დოზების ჩატანა ქაბულში სრულიად შეწყვეტილია.
დიახ, თითქოსდა წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია. მაუწყებლობა განაახლა ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა ტელეკომპანიამ Tolo News-მა, რომლის ტელეწამყვანები ძირითადად ქალები არიან.16 აგვისტოს ერთ-ერთმა ტელეჟურნალისტმა სტუდიაში მიიწვია და ესაუბრა "თალიბანის" წარმომადგენელს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თალიბთა პირველი მმართველობის პერიოდში (1995-2001 წლებში) ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო, იმავდროულად ეჭვობენ, რომ ამგვარი ნაბიჯებით, თალიბები საწყის ეტაპზე თავიანთი იმიჯის "გათეთრებას" ცდილობენ და არაა გამორიცხული, რომ მსგავსი ლოიალურობა დიდხანს არ გაგრძელდება. ამასთანავე, თალიბებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას ნუ შეეშინდებათ, ხოლო მთავრობის წევრებს მიუთითეს - დროზე შეუდექით სამსახურსო. სხვათა შორის, როგორც "თალიბთა" საბჭოს კულტურის (!) კომისიის თავმჯდომარემ ენამულა სამანგანმა აღნიშნა, უკვე გამოცხადებულ სახელმწიფო მოსამსახურეთა ამნისტიაში ქალებიც იგულისხმებიან - "შარიათის მიხედვით, ისინიც სახელმწიფო აპარატის სისტემის ნაწილად მიიჩნევიან" "ისლამური საამირო ქალებს მსხვერპლად არ აქცევს", - განაცხადა მან.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რით არის ნაკარნახევი მსგავსი განცხადება, რადგან ბოლო თვეებში, ტერიტორიების გაკონტროლების კვალდაკვალ, თალიბებმა გოგონების ათობით სკოლა დახურეს და ქალებს ის უფლებები ჩამოართვეს, რომლითაც ისინი ბოლო 20 წლის განმავლობაში სარგებლობდნენ.
ორიოდე სიტყვა ავღანეთის ირგვლივ მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებზე: ჩინეთმა სამშაბათს ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ ვაშინგტონი ავღანეთიდან გასვლის შემდეგ იქ ქაოსს და განხეთქილებას და დაშლილ ოჯახებს ტოვებს. "აშშ-ის მთელი ძალა და როლი იმაშია, რომ დაანგრიოს და არა აშენოს", - განაცხადა "ცისქვეშეთის" საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა. როგორც ცნობილია, ჩინეთს ავღანეთთან 76 კმ-იანი საერთო საზღვარი აქვს. პეკინი ყოველთვის ცდილობს თავი დაიზღვიოს, რადგან მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორია შეიძლება მუსულმანური სინძიან-უიღურელებისათვის სეპარატიზმის პლაცდარმი გახდეს. სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ პეკინმა ადრევე დაიწყო მზადება თალიბებთან თანამშრომლობისათვის.
ზემოთ უკვე ვთქვით, რომ თალიბების განცხადებები ყოველთვის არ მართლდება და რეალურად ისინი პირიქით მოქმედებენ. "თალიბანის" მოძრაობის ხელმძღვანელობის სტრუქტურა იმას მოწმობს, რომ დოჰაში (ყატარი) მყოფი მისი პოლიტიკური გუნდი ავღანეთში არსებულ სიტუაციას - საველე მეთაურებისა და ბოევიკების ნაბიჯებს - პირდაპირ ვერ აკონტროლებს.
ბევრი ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც აშკარად მოწმობს, იმას, რომ ავღანეთში ვისაც როგორ სურს, ფაქტობრივად, ისე იქცევა - არენაზე გამოდიან "ჩრდილოვანი გუბერნატორები", დღემდე "მთვლემარე" ნახევრად 'ბოევიკ-პოლიტიკოსები", ნარკობარონები და ასე შემდეგ. "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის - "თალიბანის" სარდლობისა და მისი კონტროლის თაობაზე დღეს ჩვენ ყველაზე ნაკლები ვიცით. ჩვენი ყურადღება გადატანილია დოჰაში მყოფ პოლიტიკურ ფრთაზე, რომელიც მოლაპარაკებებს მართავს, მაგრამ, არაფერი ვიცით, მათ გავლენასა და კონტროლის ადგილებზე დონეზე", - ამბობს ავღანეთის სიტუაციის ანალიტიკოსი ტედ კალაჰანი.
"თალიბანის" წარმომადგენლის ზიბიულა მუჯაჰიდის თქმით, მოძრაობას ათობით ოფისი აქვს ყატარში, სხვადასხვა კომისიები, რომელთა ხელმძღვანელების ერთობლიობა ერთგვარ მინისტრთა კაბინეტს წარმოადგენს. ეს კომისიები შექმნილია თალიბთა უზენაეს ლიდერ მალავი ჰიბატულა ახუნზადეს ადმინისტრაციასთან: პოლიტიკურ საკითხთა კომისია, სამხედრო კომისია, კულტურის კომისია და ა.შ. ზაბიულა მუჯაჰიდი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს სამხედრო საქმეთა კომისია, რომელიც ავღანეთში მყოფ ადგილობრივი სარდლობის მოქმედებათა მთელ ჯაჭვს აკვირდება - თითქმის პროვინციულ და რაიონულ დონეზეც კი.
"მალავი ჰიბატულა ახუნზადე "თალიბანში" "უმაღლეს ავტორიტეტად" მიიჩნევა - როგორც რელიგიურ, ასევე პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში. მას სამი მოადგილე ჰყავს: პოლიტიკურ საკითხებში - მოლა აბდულ განი ბარადარი, სამხრეთ პროვინციების საკითხებში - მოლა მოჰამედ იაკუბი და აღმოსავლეთი პროვინციების საკითხებში - სირაჯუდინ ჰაკანი.
ადგილობრივი სარდლობის იერარქიაში, დაწყებული რაიონული დონიდან, თალიბთა ყოველი საველე მეთაური პროვინციულ სარდლობას ემორჩილება. ქვეყანა დაყოფილია შვიდ რეგიონულ ზონად, რომლებსაც სამხედრო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის ორი მოადგილე აკონტროლებს. ერთი პასუხისმგებელია დასავლეთი ზონის 21 პროვინციაზე, ხოლო მეორე - აღმოსავლეთი ზონის 13 პროვინციაზე. რეგიონული ზონების ხელმძღვანელებიდან თითოეული სამ პროვინციულ სარდლობაზეა პასუხისმგებელი
მსოფლიოს კარგად ახსოვს 1996-2001 წლებში ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი თალიბების "საქმენი საგმირონი" - მათ დააკანონეს შარიათის ყველაზე მკაცრი ფორმა (მაგალითად, ქურდობისათვის ხელს ან ფეხს ჭრიდნენ, ისინი წინააღმდეგნი იყვნენ ყოველივე თანამედროვე სიკეთისა - მოსახლეობას ართმევდნენ ტელევიზორებს, მაცივრებს, რადიოებს, კომპიუტერებს, ქალებს თანამედროვე ტანსაცმლით სახლის გარეთ გასვლა აუკრძალეს (განათლებასა და სამსახურზე რომ არაფერი ვთქვათ), ააფეთქეს უძველესი არქიტექტურის ძეგლები - ბამიანის ბუდას ქანდაკებები. გარდა ამისა, ქვეყანა ტერორისტთა თავშესაფარი გახდა. ავღანეთი თალიბების გამო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. 2002 წლიდან კი, როცა აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ ოპრაცია "ურყევი თავისუფლება" განხორციელდა, თალიბთა ხელისუფლება დაემხო.
მაგრამ რადგანაც დღეს ხელისუფლებაში ისევ თალიბები არიან, იბადება კითხვები - გააცნობიერეს თუ არა მათ ადრე დაშვებული შეცდომები და რამდენად განახორციელდა მმართველობის, იდეოლოგიის ტრანსფორმაცია?
თალიბთა მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მათ ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეცვალეს, მაგრამ მკაფიო პასუხებს არ იძლევიან. დიახ, ისინი დღეს ჟურნალისტ ქალებთან ერთად საჯაროდ ტელესტუდიაში საუბრობენ, თანახმა არიან, რომ ქალი ქუჩაში მამაკაცთან ერთად გამოვიდეს (მაგრამ ჩარდით), ასევე თანახმა არიან გოგონებმა დაწყებითი განათლება მიიღონ, მაგრამ ეს მხოლოდ ქაბულსა და ზოგიერთ მსხვილ ქალაქში - დასავლეთის დასანახად. ქვეყნის პროვინციებში კი ისინი ძველებურად აგრძელებენ შარიათის წესების განხორციელებას: თალიბთა საველე მეთაურებმა ქალებს დაუწესეს, რომ მათ მხოლოდ მხოლოდ ბურკა ჩაიცვან, იარონ ჩადრით თვალებისთვის ვიწრო ჭრილით... ბალხის პროვინციაში, მაგალითად, მათ მამაკაცებს წვერის გაზრდა დაუწესეს და თუ ვინმე გაიკრეჭს ან გაიპარსავს, დაიჭერენ და დასჯიან... იმავე პროვინციაში თალიბები ამოწმებენ ქორწილებს, რომ მუსიკა არ ჟღერდეს. ბალხის რადიოსადგურით ეთერში მუსიკის ნაცვლად დღეს მხოლოდ ისლამური რელიგიური საგალობლები ისმის.
ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბთა მეორედ მოსვლამდე (2021 წლის აგვისტომდე) ქალების მდგომარეობა ასეთი იყო: სკოლებში გოგონების 39% სწავლობდა, 5% კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, 22%-ს სამსახური ჰქონდა, სახელმწიფო მოსამსახურეებიდან 20% ქალები იყვნენ, პარლამენტის (ეროვნული ასამბლეის - მეჯლისე მელის) დეპუტატთა ადგილების 27% ასევე ქალებს ჰქონდათ დაკავებული, ხოლო 1000-ზე მეტი ქალი ბიზნესმენი იყო.
"თალიბანის" ხელმძღვანელობაში დღეს არიან ისინიც, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს ებრძოდნენ და არიან ახალგაზრდებიც. მაგალითად, მოლა მოჰამად იაკუბი 31 წლისაა, იგი თალიბთა წინა ლიდერის - მოლა ომარის შვილია.
"თალიბებში ახალგაზრდები საკმაოდ ბევრნი არიან და, რა თქმა უნდა, ისინი, უფროს თაობაზე უფრო კარგად ფლობენ ფიჭური კავშირის ტელეფონებს, კომპიუტერებს და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაგრამ რადგანაც ახალგაზრდები უფროსების გვერდიგვერდ იზრდებოდნენ, მათთან ერთად ცხოვრობდნენ, ისმენდნენ ქადაგებებს, ამიტომ სერიოზული იდეოლოგიური განსხვავება ახალგაზრდებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის მაინცდამაინც შესამჩნევი არ არის", - ამბობს "ბი-ბი-სი"-ს ავღანური სამსახურის ჟურნალისტი სეკუნდერ ქერმანი.
მოკლედ, არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი ავღანეთი. არ არის გამორიცხული, რომ თუ თალიბები თავიანთ ერთგვარად თანამედროვე ატრიბუტებით შელამაზებულ, მაგრამ თავისი არსით ძველებურ პოლიტიკას გააგრძელებენ, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდეს. თუმცა მსოფლიო გეოპოლიტიკის კონიუნქტურას თუ გავითვალისწინებთ, მათ შეიძლება მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ...
მოამზადა სიმონ კილაძემ