მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ავღანეთი ისლამურ საამიროდ გამოაცხადა, ადგილობრივმა პოპვარსკვლავმა არიანა საიიდმა ქაბული, მეუღლესთან ერთად, ამერიკული სატვირთო თვითმფრინავით დატოვა.
36 წლის მომღერალმა მისი გადაწყვეტილების შესახებ "ინსტაგრამზე" დაწერა:
"ბოლო ინტერვიუში ვთქვი, რომ ვიქნები ბოლო ჯარისკაცი, რომელიც სამშობლოს დატოვებს - მეთქი და ზუსტად ასე მოხდა. ვლოცულობ, რომ ბოლოდროინდელი ცვლილებების შემდეგ, სულ მცირე, ჩემს ლამაზ ადამიანებს შეეძლოთ მშვიდობიანი ცხოვრების დაწყება თვითმკვლელი ტერორისტების და აფეთქებების შიშის გარეშე. ჩემი გული, ჩემი ლოცვა და ჩემი აზრები ყოველთვის თქვენთან იქნება!"- წერს ვარსკვლავი.
როგორც ცნობილია, საიდი დოჰაში ჩავიდა და სტამბულში გეგმავს გადასვლას.
”ჩემი გულწრფელი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს კეთილი სურვილებისა და ლოცვებისთვის. მას შემდეგ რაც სახლში დავბრუნდები, ბევრი ისტორია მინდა გაგიზიაროთ“, - წერს ის.
ავღანეთში, თალიბების მმართველობის პირობებში, ქალთა უფლებების დაცვის თემა ძალიან პრობლემური საკითხია. რადიკალური ისლამის მიმდევართა წესებით, ქალს ეკრძალება თმის, სახის და სხეულის სხვა ნაწილების გამოჩენა. იმ შემთხვევაში, თუ პოპვარსკვლავი სამშობლოს არ დატოვებდა, სავარაუდოდ, მას მძიმე სასჯელი ელოდა. წყარო
მოამზადა თეონა რამაზაშვილმა