ავტორი:

"ზურა იზიარებს კენჭოშვილების ოჯახის მწუხარებას... ამბობს, რომ არავის მოკვლა არ უნდოდა, გაუსაძლისი ტკივილები აქვს" - ზვიადაურის ადვოკატი

"ზურა იზიარებს კენჭოშვილების ოჯახის მწუხარებას... ამბობს, რომ არავის მოკვლა არ უნდოდა, გაუსაძლისი ტკივილები აქვს" - ზვიადაურის ადვოკატი

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ზვიადაურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ადვოკატის თქმით, ზვიადაური დათრგუნულია. როგორც ადვოკატი აცხადებს, ზურაბ ზვიადაური ნანობს მომხდარს.

„იზიარებს დაზარალებულთა ოჯახის წევრების მწუხარებას, ამბობს, რომ მოგერიებაში იყო, თორემ არავის მოკვლა არ უნდოდა, ნანობს ჩემთან საუბარში. ხერხემალი აწუხებს, დისკოზი აქვს ხერხემლის მალებზე, გაუსაძლისი ტკივილები აქვს. სულიერადაც ვერ არის კარგად, ამხელა სტრესი გადაიტანა. დღეს შევედი მე და დღეს მითხრა ასეთი რაღაცები, დათრგუნულია და ეს პრობლემებია. არ უთქვამს ექიმი შევიდა თუ არა“, - განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.