სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, კოვიდის მართვასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა გულისხმობდა საზოგადოების ჯანმრთელობის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას და წინასაარჩევნოდ ჯარიმების ჩამოწერის გზით კანონდამრღვევი მოქალაქეების გულის მოგებას.
ამასთან, როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლების პოლიტიკა ასევე ანტივაქსერების მხარდაჭერის დაკარგვის შიშით აცრების პოპულარიზაციის აქტიურ კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ითვალისწინებდა.
„არ არის სიმართლე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია კოვიდის მართვის პოლიტიკა - მას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა: ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ. კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით.
ოპოზიციის პოლიტიკა იყო ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა.
ხოლო წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია, მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა.
ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში.
ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა... 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში“,- წერს ლომჯარია.