მინდა მივმართო დასუფთავების სამსახურის ყველა თანამშრომელს - ნუ გეშინიათ პროტესტის, ეს არის თქვენი უფლება, თქვენ იმსახურებთ რომ ამოიღოთ ხმა უსამართლო პირობებზე და რაც მთავარია, თქვენ არ ხართ მარტო, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების პროტესტს გამოეხმაურა.
ხოშტარიას თქმით, მათი პარტია მზად არის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები როგორც ფიზიკურად, ასევე სამართლებრივად დაიცვას, ამიტომ მათ შიში „გვერდზე უნდა გადადონ“.
,,ჩვენ თვალყურს ვადევნებთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ძალიან სამართლიან და ლეგიტიმურ პროტესტს. ეს ადამიანები ითხოვენ ელემენტარულ სამუშაო პირობებს, წარმოუდგენელია, რომ მილიონები იხარჯებოდეს მერის თუ ნებისმიერი საჯარო მოხელის პიარში და ამ დროს დასუფთავების სამსახურში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ ზამთრის ფორმებში, რაც არის ჯოჯოხეთური პირობები ამ სიცხეში. ჩვენ ვნახეთ ამ პროტესტზე ხელისუფლების რეაქცია - არა პირობების დაკმაყოფილება, არამედ სრულიად შემაშფოთებელი რამ, ერთ-ერთი თანამშრომელი საუბრობს, რომ პროტესტის გამო მასზე მიდის ზეწოლა, ღირსების შელახვა და დაშინება. არაფერი არ არის იმაზე უღირსი, ვიდრე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შრომის დაუფასებლობა და ასეთი დამოკიდებულება მათ მიმართ.
მინდა მივმართო ყველა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს - ნუ გეშინიათ პროტესტის, ეს არის თქვენი უფლება, თქვენ იმსახურებთ, რომ ამოიღოთ ხმა უსამართლო პირობებზე და რაც მთავარია, თქვენ არ ხართ მარტო. არანაირი აზრი არ აქვს არც ოპოზიციაში ყოფნას და არც სამომავლოდ ხელისუფლებაში მოსვლას თუ ვერ შევძელით ამ ადამიანების დაცვა, ჩვენ თქვენ დაგიცავთ როგორც სამართლებრივად, ასევე ფიზიკურად, ამიტომ ეს შიში ყველამ გადადეთ გვერდზე“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, „თბილსერვისის“ ოფისთან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მათი მთავარი მოთხოვნები 19 აგვისტოს გააჟღერეს. ისინი ხელფასის გაზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ფორმებს, ასევე გამართულ ტექნიკას ითხოვენ.