ცნობილი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი, ფსიქოსოციალური კვლევის და მომსახურების ასოციაცია "ნებას" დამფუძნებელი დავით ანდღულაძე, რომელიც სამი თვის წინ მძიმე ავარიაში მოყვა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
"მოგესალმებით მეგობრებო, ამდენი ხანია ოროსანი მოსწავლესავით ვემალები "გაკვეთილის მოყოლას", რადგან სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. არადა სასურველი სიახლეც ძალიან იგვიანებს.
21 ივნისს "შარიტეში" გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ნაცვლად მოსალოდნელი 5 დღისა, მთელი თვე დავრჩი კლინიკაში, რითაც მგონი რეკორდი მოვხსენი. აქედან უნდა გადავსულიყავი სარეაბილიტაციო ცენტრში, მაგრამ ჩემი მიმღები აქამდე არ გამოჩნდა. ამიტომ შარიტეს კლინიკამ გადმომაგზავნა სარეაბილიტაციო ცენტრთან არსებულ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც 3 კვირის განმავლობაში უნდა მომეხსნა სუნთქვის აპარატი და გადავსულიყავი სარეაბილიტაციო ცენტრში.
აქ გადმოსულმა სუნთქვის აპარატზე მეორე დღიდან უარი ვთქვი, აღარ მჭირდებოდა, მაგრამ სამი კვირის ნაცვლად უკვე ერთი თვეა გასული და სარეაბილიტაციო ცენტრში ჩემთვის ადგილი არ ჩანს. ჩემთვის იმიტომ, რომ ე.წ შიდა ჰოსპიტალური ბაქტერიები და ნაწოლი ნებისმიერი სარეაბილიტაციო ცენტრისთვის ზედმეტი თავის ტკივილია. მაშინაც კი, როცა საჩემო ცენტრი გამოჩნდება ნაწოლის და ბაქტერიების გამო ვერ ჩამიტარდება ბევრი მნიშვნელოვანი პროცედურა. ორივე მათგანით თბილისის "საუკეთესო" კლინიკამ დამასაჩუქრა.
ბარემ ნაწოლზე გეტყვით, ბევრი მირჩევს სხვადასხვა წამლებს, ზოგი საკუთარი გამოცდილებიდანაც, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მსგავსი წამლები არ გაამართლებს, ჰოსპიტალური ინფექციების თანაარსებობის გამო. ამიტომ ვერანაირ სხვა საშუალებას ვერ ვცდი, გარდა იმისა, რასაც გერმანელი პროფესორები მირჩევენ.
ნაწოლის მკურნალობაში გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ განკურნებამდე ჯერ მაინც შორია.
ასე, რომ ვარ სარეაბილიტაციო ცენტრის მოლოდინში. ისევ მაქვს ტრაქეოსტომა, რომელიც უეჭველად მოიხსნება და ხმასაც დავიბრუნებ. მაქვს გასტროსტომა, რადგან ყლაპვას ისევ ვერ ვახერხებ. ამასაც ეშველება. ხელის თითებს როდის მოვხრი და ავამოძრავებ ამის პროგნოზირება მიჭირს. ფეხბზე კი... კაცმა არ იცის რა იქნება.
უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც ვახსოვარ! სოფო პერიოდულად მახარებს თქვენი ამბებით, რაც ფეისბუქში მასთან ჩნდება ხოლმე. ზოგი დაოჯახებულა, ზოგს შვილი შესძენია. ყველას, საცოლეს და გასათხოვარს დაოჯახებას გისურვებთ. მე არავინ დამელოდოს, კაცმა არ იცის ჩემგან რა აეწყობა. ის კი ვიცი, რომ პროფესიას არ ვუღალატებ. ხმა რომ მქონდეს ახლაც კი ფორმაში ვარ.
ყველას ჯანმრთელობას, წარმატებებს, სიხარულს და ბედნიერებას გისურვებთ.
ისევ კარნახით ვაწერინებ ჩემს დას.
სიყვარულით, დათო".
შეგახსენებთ, 22 მაისის ღამით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში "კომენდანტის საათი" გაუქმდა, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა.
მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ველოსიპედს დავით ანდღულაძე მართავდა. ფსიქიატრმა ავარიის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო - მას გატეხილი ჰქონდა ნეკნები, ფილტვი - დაზიანებული, ასევე მიიღო ზურგის ტვინის დაზიანება.