ავტორი:

"მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია, სექტემბერში მილიონი აცრა უნდა ჩავატაროთ" - გამყრელიძე განმარტავს, რამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს

"მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია, სექტემბერში მილიონი აცრა უნდა ჩავატაროთ" - გამყრელიძე განმარტავს, რამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს

ჩვენი წლევანდელი სამიზნე არის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ორჯერადად აცრა, ეს არის მილიონ 700 ათასი ადამიანი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, როდესაც ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც იკლებს.

„იმისთვის, რომ ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ვითარების გაუარესება შევაჩეროთ, მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია. 30%-ზე უკვე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება ჩერდება, ხოლო 40%-ის შემთხვევაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე სერიოზულად იკლებს. აგვისტოში გავდივართ 650 000 აცრაზე და ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატაროთ, ეს არ არის მილიონი ადამიანი, არამედ მილიონი აცრა, რადგან იცით, რომ ვაქცინა ორჯერადად კეთდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ატარონ პირბადე, როგორც შიდა ასევე გარე სივრცეში და მოერიდონ დიდი თავშეყრის ადგილებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მასშტაბური შეკრებები აკრძალულია, ზოგიერთ შემთხვევაში, მაინც იმართება, რაც ათეულობით ადამიანის დაინფიცირების რისკს ქმნის.

„ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-5 ათასის ფარგლებში მერყეობს, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა არის მომატებული და ეს შემთხვევათა რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებულია. რაც მთავარია, პროგნოზიც არ არის კეთილსაიმედო, თუ არ იქნება დაცული არსებული რეგულაციები და კიდევ უფრო ინტენსიური არ გახდება აცრების რაოდენობა. პირველ რიგში, ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე დახურულ თუ ღია სივრცეებში და მყარად დავიცვათ ეს რეკომენდაცია. მეორე, თავი შევიკავოთ ყოველგვარი დიდი შეკრებებისგან, დავიცვათ დისტანცია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, აკრძალულია, მაგრამ მაინც იმართება სხვადასხვა ფორმით დიდი წვეულებები, შეკრებები სხვადასხვა მიზეზით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ და იცით, რომ ბოლო დღეებში ამ ტიპის სხვადასხვა შეკრებებით ათეულობით ადამიანის ინფიცირების რისკი გამოვლინდა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და ასევე, რაც შეიძლება მეტი უნდა ადამიანი აიცრას“, - განაცხადა გამყრელიძემ.