გუდამაყრის ერთ-ერთ მწვერვალს ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს, სადაც ჩემპიონი სტუმრად იმყოფებოდა.
ბექაურს, რეგიონის სახელით, საჩუქრად 500 კვ.მ მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი გადასცეს.
"22 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ძიუდოისტი ლაშა ბექაური გუდამაყარს ესტუმრა. კოვიდ-რეგულაციების დაცვით, მოსახლეობასთან ერთად, სპორტსმენს და მის მწვრთნელს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ბექაურმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორმა ლევან შერმადინმა გოდერძი ჩოხელის მუზეუმში უმასპინძლეს.
წარმოშობით გუდამაყრელ ძიუდოისტს, რეგიონის სახელით, საჩუქრად გადაეცა 500 კვ.მ მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი.
შეხვედრის დასასრულს კი გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა განაცხადა, რომ ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი ოქროს მედალოსანი ლაშა ბექაურის სახელობის იქნება. ასევე, თავის მხრივ, ლაშა ბექაურმა შეკრებილ საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ მათ არაერთხელ გაახარებს", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 90 კილოგრამამდე წონაში ძიუდოისტი ლაშა ბექაური 28 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. ფინალში მან გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს სახელით პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.