ავტორი:

"ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება" - ამირან გამყრელიძე

"ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება" - ამირან გამყრელიძე

ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კითხვაზე: საკმარისია თუ არა დღეს არსებული რეგულაციები, მან აღნიშნა, რომ „სიტყვა საკმარისი არის შეფარდებითი და საკმარისი არასდროს არაფერია“.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ რესტორნებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ, სხვა გადაწყვეტილებებიც იქნას მიღებული.

„დღეს საბჭომ მიიღო კონსენსუსით იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც მოგახსენეს რესტორნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული მსჯელობა ბევრ სხვა საკითხზე, ამ ეტაპზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ყველას გთხოვთ პირბადის ტარებას - 50%-ზე ვართ ამ კუთხით. ყველაზე ძლიერი რეგულაცია გახლავთ პირბადე, ყველამ ვატაროთ პირბადე, წავიდეთ და ავიცრათ. აგვისტოს ბოლოსთვის ჩვენი პროგნოზია, რომ უნდა გვქონდეს სადღაც, 650 000-დან 700 000-მდე აცრა, რაშიც შევა როგორც პირველი, ისე მეორე დოზით აცრილი. დღეს შესრულდა მილიონი აცრა - არა ადამიანი, არამედ აცრა, აცრილია 700 000-ზე მეტი ადამიანი ერთჯერადად. თუ აგვისტოში გვექნა 650000 - 700 000-მდე აცრა, სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიას,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ დასწრებული სასწავლო პროცესის დაწყების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "დასწრებულ სწავლებაზე რეკომენდაციის გასაცემად, სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა".

მისივე თქმით, დისტანციურ სწავლებაზე გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.

„ამ დღეებში რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლებაზე. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი, დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხედვით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ჟანგბადის მოჭარბებული მოხმარება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 58 000 აქტიურმა შემთხვევამ განაპირობა.

„7400-მდე პირი კლინიკაში მკურნალობს და მათი დიდი ნაწილი ჟანგბადზე არის დამოკიდებული. ამიტომაც, ჟანგბადზე მოთხოვნილება იზრდება. ყველა საავადმყოფო მაღალი დატვირთვის რეჟიმში მუშაობს. ძალიან ბევრ კლინიკას ჟანგბადის ქარხნები აქვს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჟანგბადის წარმოების არაერთი, რამდენიმე პუნქტი არსებობს და ამასთან ერთად, ხდება ჟანგბადის იმპორტიც.

ჯერჯერობით, ჟანგბადის დეფიციტი არ გვაქვს და ქვეყანა ამ თვალსაზრისით კრიტიკულ მდგომარეობაში არ არის. ყველას, ვისაც სჭირდება, ჟანგბადი აუცილებლად მიეწოდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.